logo
ENG



ჯანდაცვა: ტყიბულის შახტში აფეთქების დროს მეთანის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აჭარბებდა

31 იან 202213:09
3 წუთის საკითხავი
 
ჯანდაცვა: ტყიბულის შახტში აფეთქების დროს მეთანის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აჭარბებდა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტყიბულის შახტში აფეთქების დროს მეთანის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აჭარბებდა - არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.

მას შემდეგ, რაც 30 იანვრის საღამოს შახტში აფეთქება მოხდა და 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 - დაშავდა, მათგან ზოგიერთი - მძიმედ, შრომის ინსპექციამ მომხდარის მოკვლევა დაიწყო. 

ჯანდაცვის უწყების ცნობით, პირველადი მოკვლევის შედეგად გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა.

კერძოდ, პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით.

გარდა მეთანის კონცენტრაციის სიჭარბისა, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქბლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს.

ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა. 

"გამოკვეთილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა. 

შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მოკვლევას, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება". - ნათქვამია განცხადებაში. 

ტყიბულის შახტაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა