ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ ტენდერში ლიბერთი ბანკმა გაიმარჯვა და პენსიებს ისევ ის გასცემს.
მისი თქმით, გამოცხადებული ჰქონდათ ტენდერი "პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით", პირობების მიხედვით კი, პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ.
"დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, ლიბერთი ბანკმა, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა.
პირობა იყო 7-წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ.
გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები", - თქვა მინისტრმა.