ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური სამინისტროსთან მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და დევნილებს მოუწოდებს ბინებით დაკმაყოფილებაზე განაცხადები შეავსონ. წოწკოლაურის თქმით, თითოეულ განაცხადს შესაბამისი კომისია განიხილავს. განცხადება მინისტრის მოადგილემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
"ყველას ექნება გარანტია, ვინც დააკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს - თუ რა ვითარებაში ცხოვრებენ, აქვთ თუ არა სოციალური შემწეობა, აქვთ თუ არა მძიმე პირობები, აქვთ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობები, ამ კრიტერიუმების მიხედვით ხდება რიგის დადგენა,"-აცხადებს წოწკოლაური.
შეგახსენებთ, რომ ბინების განაწილების მეორე ფაზა სამინისტრომ 15 ოქტომბერს გამოაცხადა, რომელიც 31 ოქტომბერს დასრულდება. ჯანდაცვის სამინისტროსთან კი დევნილების პროტესტი უკვე 31-ე დღეა გრძელდება. ისინი ბინებით დაკმაყოფილების გარდა, უკვე მინისტრისა და მისი მოადგილის გადადგომასაც ითხოვენ.