ამერიკელი მეცნიერის, ლორენს ჰილფიკერის აზრით, რელიგიური რიტუალების ჩატარება ხშირად შეიძლება გახდეს კორონავირუსის გავრცელების ცუდი სცენარის საფუძველი.
მისი განმარტებით, საფრანგეთისა და სამხრეთ კორეის მაგალითები სწორედ ამას მოწმობს - როგორ დააინფიცირა ათასობით ადამიანი ერთმა ან ორმა ინფიცირებულმა.
„ვნახე კადრები ქუთაისიდან და ეს კადრები მაშფოთებს. საფრანგეთში და სამხრეთ კორეაში მოვლენები გამახსენდა - საფრანგეთში 2000 ადამიანი დაესწრო ღონისძიებას. შესაძლოა მათგან ერთი ან ორი იყო ინფიცირებული, მაგრამ სახლში ბევრი დაბრუნდა დაინფიცირებული. ეს ძალიან საშიში სცენარია. მინიმუმ ერთი კვირა ვერ ვიტყვით, როგორი იქნება საქართველოში რელიგიური რიტუალების შემდგომ მდგომარეობა. საუკეთესო იქნება, თუკი არავინ იყო ინფიცირებული ან პირბადეებმა აღკვეთეს მდგომარეობა. მეორეს მხრივ, ცუდი სცენარის მხრივ რამდენიმე კერა შეიქმნება, საფრანგეთის და სამხრეთ კორეის მსგავსად, ამით კი სისტემის მარცხის წინაშე დავდგებით. შეიძლება არაფერი იყოს საკმარისი - არც ტესტირებები, არც საწოლები და ჯანდაცვის სისტემის მარცხის სპირალში შესვლა ყველაზე ცუდი სცენარი იქნება", - განაცხადა ლორენს ჰილფიკერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
17 აპრილიდან აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილებაც.