საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდება.
გადაწყვეტილება კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა დღეს 22 ოქტომბერს მიიღო და კონფერენციის თარიღთან ერთად მისი დღის წესრიგიც დაამტკიცა, კერძოდ:
30 ოქტომბერს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 მოსამართლე წევრს, ასევე, კონფერენციის აღმასრულებელი კომიტეტის 1 წევრს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს აირჩევენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი გიორგი მიქაუტაძეა. ის თანამდებობას ტოვებს და სწორედ მის შემცვლელს აირჩევენ მოსამართლეთა კონფერენციაზე.
საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ამბობს, რომ გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე ხდება და საბჭოს მდივნის თანამდებობასაც ამიტომ ტოვებს.
მისი შეფასებით, სასამართლო სისტემა საპარლამენტო არჩევნებისთვის "სერიოზულად ემზადება".
"ვგულისხმობ იმას, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს თანამდებობების დაკავების და როლების გადანაწილების პროცესი.
ამჯერად გიორგი მიქაუტაძე მიდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობიდან. საპარლამენტო არჩევნების წინ, 30 ოქტომბერს მოსამაართლეთა კონფერენციაა ჩანიშნული, სადაც საბჭოს 2 მოსამართლე წევრს და საბჭოს ახალ მდივანს აირჩევენ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მიქაუტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს". - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმღლეს საბჭოს ერთადერთი წევრი, ვინც სასამართლო სისტემის მანკიერ მხარეებსა და პრობლემებზე ლაპარაკობს.