იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც საბჭოს შიგნით მიმდინარე პროცესების მიმართ ხმამაღალი განცხადებებითა და საჯარო კრიტიკით გამოირჩევა, ამბობს, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ დღევანდელი გადაწყვეტილებით თავი გადაიზღვია, რათა არჩევნების შემდეგ არასასურველი შედეგის შემთხვევაში ე.წ მურისიძე-ჩინჩალაძის კლანს სასამართლოზე გავლენა არ დაეკარგა.
საქმე იმაშია, რომ საბჭოს ამჟამინდელ მდივანს გიორგი მიქაუტაძეს უფლებამოსილების ვადა 2021 წლის აპრილში გასდიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი მდივნის არჩევა შესაძლოა სხვა პოლიტიკური ვითარების პირობებში მომხდარიყო.
"მათ არ იციან რა შედეგებით დამთავრდება საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად აპრილში ახალი მდივნის არჩევას შესაძლოა ხმაური გამოეწვია. დღეს მათ დაიზღვიეს თავი და 4 წლით გარანტირებულად ეყოლებათ მარსაგიშვილი, რათა სასამართლოში არანაირი ძირეული რეფორმები არ გატარდეს", - ამბობს ჯანეზაშვილი", - ამბობს ჯანეზაშვილი.
კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივნად საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე აირჩია. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მიქაუტაძე ე.წ ჩინჩალაძის კლანის წევრია.
"მარსაგიშვილი ჩინჩალაძის კაცია, ჩინჩალაძის კადრია პირდაპირ. ჯერ კიდევ 13 წლის წინ ისინი ერთად მუშაობდნენ მცხეთა-მთიანეთის პროკურატურაში და თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. ამიტომ გაკეთდა მასზე არჩევანი", - ამბობს ჯანეზაშვილი.
ჯანეზაშვილი ამბობს, რომ დღეს უზენაესი საბჭოს წევრად არჩეული 2 ახალი წევრიდან ერთ-ერთიც პირდაპირ კლანს უკავშირდება. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე იუსტიციის საბჭოში სწორედ ჩინჩალაძეს აწყობდა.
"არავის არ გასდიოდა უფლებამოსილების ვადა დღეს, მაგრამ დატოვა თანამდებობა ორმა ადამიანმა, მათ შორის, მდივანმა და წავიდნენ, ვინაიდან ჩინჩალაძეს ახლა სხვა ადამიანები აწყობს საბჭოში. სხვა ადამიანებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა ქეთევან ცინცაძე, რომელიც 2054 წლამდე არის დანიშნული მოსამართლედ უზენაეს სასამართლოში და უკანონოდ არის არჩეული, რადგან სერიოზული დარღვევები იყო მისი უზენაეს სასამართლოში განმწესების დროს", - ამბობს ჯანეზაშვილი.
ჯანეზაშვილის შეფასებით, მოსამართლეთა კონფერენციის დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმ სახიფათო პრობლემებისა, რომელიც სასამართლოში უკვე წლებია არსებობს.
"პრობლემა კვლავ იგივეა, ჩინჩალაძის ხალხით დაკომპლექტდა დღეს უზენაესი საბჭო. დანარჩენები ხომ ისედაც მურუსიძე-ჩინჩალაძის ხალხია. ეს არის კლანი, რომელმაც მიიღო ძალიან, ძალიან ბევრი სახიფათო გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიასა და განვითარებისთვის. ისინი ჩვენ მომავალს გვისპობენ", - ამბობს ჯანეზაშვილი.
მოსამართლეთა კონფერენციის არჩევნების წინ ერთი დღით დანიშვნას ისევე, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური პოზიციების ნაჩქარევად შევსებას ამერიკის საელოჩომ "იმედგამაცრუებელი" უწოდა. საელჩოს განცხადებით, მსგავსი პროცესების დაჩქარება აჩენს რისკს, რომ საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ნდობა შეერყეს.
"აუცილებელია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ყველა ძირითად თანამდებობაზე შეარჩიოს გამოცდილი, პროფესიონალი და დამოუკიდებელი კანდიდატები, ასევე, მომავალში შერჩევის პროცესის უფრო მეტი გააზრებითა და შორსმჭვრეტელობით წარმართვა უზრუნველყოს", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
Edison Research-ის 16 ივლისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით სასამართლოებს მოსახლეობის 54% არ ენდობა.