logo
ENG



ჯანეზაშვილი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს

03 მარ 202113:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/03/pc7j30xaktu27sg.png

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს. 

როგორც ჯანეზაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კონკურსის დასრულების შემთხვევაში, კომპეტენტური და კეთილსინდისიერი იურისტებისთვის უზენაესი სასამართლოს კარი დაიხურება.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში დარღვევები იყო 2019 წელსაც, როდესაც 14 მოსამართლე უვადოდ იქნა არჩეული, და ახლაც, როდესაც 11 მოსამართლის ვაკანსია უნდა შეივსოს ქვეყნის უმაღლეს და საბოლოო ინსტანციის სასამართლოში. კონკურსის დასრულების შემთხვევაში ათწლეულების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს კარი დაიხურება კომპეტენტური და კეთილსინდისიერი იურისტებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია კანდიდატების შესარჩევი ასეთი მასშტაბური კონკურსი მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობის დამკვიდრებას უწყობდეს ხელს", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, კანდიდატების შერჩევის პროცესში გასაუბრების ორგანიზებასთან დაკავშირებით გამოვლინდა არაერთგვაროვანი პრაქტიკა, ორ შემთხვევაში კი კანონით დადგენილი ვადები დაირღვა. 

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც ამავდროულად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, ღიად უნდა უპასუხოს კითხვას, გასაუბრება რატომ მიმდინარეობს არასტაბილურ რეჟიმში და რატომ დაირღვა კანდიდატების მოსმენებთან დაკავშირებით კანონით დადგენილი ვადები. ამასთანვე, მე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, არცერთ შემთხვევაში არ მიმიღია ინფორმაცია კანდიდატების მოსმენისა თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ კანონით დადგენილ ვადებში, კერძოდ სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე. 

უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შესარჩევად მიმდინარეობს სამი კონკურსი. 

პირველი კონკურსის (9 ვაკანსია) დროს კანდიდატების მოსმენა მართალია კანონით დადგენილ ვადებში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მან მიიღო არარეგულარული ხასიათი. თუ 2020 წლის დეკემბერში 23 კანდიდატთან ჩატარდა გასაუბრება, იანვარში მხოლოდ 3 კანდიდატის მოსმენა გაიმართა, თებერვალში კი 5. 

მეორე კონკურსის (1 ვაკანსია) ფარგლებში გასაუბრება 2021 წლის 20 იანვარს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე არცერთი გასაუბრება არ ჩატარებულა, რითიც დაირღვა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ვადები.

ანალოგიური ვითარებაა მესამე კონკურსთან (1 ვაკანსია)  მიმართებაშიც, კანდიდატების მოსმენა 2021 წლის 9 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კანონის მოთხოვნა ვადებთან მიმართებაში, არც ამ შემთხვევაში შესრულებულა", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილი პროცესში ინტერესთა კონფლიქტის არსებობაზეც მიუთითებს, რაც მისი თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრებს: ირაკლი შენგელიასა და დიმიტრი გვრიტიშვილს უკავშირდებათ.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია ლევან თევზაძე, რომელიც ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. მოსამართლეობის კანდიდატია ასევე ირაკლი შენგელიას ბიძაშვილი ეკატერინე შენგელია. თუმცა ირაკლი შენგელიამ კონკურსიდან თვითაცილების მიზეზად მხოლოდ ლევან თევზაძე დაასახელა და ისე ჩამოშორდა პროცესს, რამაც დატოვა შთაბეჭდილება, რომ ის ამ ფაქტის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი შენგელია ჩამოშორდა პროცესს, მასთან დაკავშირებული იუსტიციის საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი სრულად ჩართულია კონკურსში. კერძოდ, ზაზა ხარებავა, რომელსაც მისივე ინფორმაციით, ირაკლი შენგელიასთან აკავშირებს ნათელმირონობა და თამარ ღვამიჩავა, რომელიც ამბობს, რომ ირაკლი შენგელიას და მას “საერთო წინაპარი” ჰყავთ. 

მიმაჩნია, რომ ზაზა ხარებავას და თამარ ღვამიჩავას მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში, რომელშიც მონაწილეობენ ეკატერინე შენგელია და ლევან თევზაძე, არის ინტერესთა კონფლიქტი, რაც ჩრდილს აყენებს მთელ პროცესს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი კანდიდატია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ რიგით მე-2 კონკურსში, რომელიც 2020 წლის 2 ნოემბერს გამოცხადდა. თუმცა, ის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, ჩართულია პირველ და მესამე კონკურსებში. რაც იმას ნიშნავს, რომ გვრიტიშვილი დაესწრო მისი კონკურენტი კანდიდატების მოსმენას - მათთან დასვა კითხვები, მანვე უნდა შეაფასოს კონკურენტი კანდიდატები და დაუწეროს ქულები კრიტერიუმების მიხედვით, საბოლოოდ კი მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში კანდიდატის ნომინირებასთან დაკავშირებით.

მიმაჩნია, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი, როგორც საბჭოს წევრი უნდა ჩამოშორებოდა კანდიდატების შერჩევის პროცესს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.


close დახურვა