მსოფლიო პანდემიის შედეგებს ებრძვის. ამერიკის შეერთებუყლ შტატებში ეკლესიების ნაწილი იხსნება. ავსტრალიის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში კაფეები და მაღაზიები გაიხსნა, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვა კვლავ სავალდებულოა. ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ ერთმანეთთან მიმოსვლა აღადგინა. საგანგებო მდგომარეობა გაუქმნდა იაპონიის 39 პრეფექტურაშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი დაავადების მეორე ტალღაზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ დაავადებულთა რაოდენობამ აფრიკის ქვეყნებში წლის ბოლომდე შესაძლოა რამდენიმე მილიონს მიაღწიოს.
მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადოს - განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აკეთებენ. ორგანიზაციის წარმომადგენლების თმით, კოვიდ 19-ის შემთხვევებმა ზოგ ქვეყანაში მოიმატა. ახალი შემთხვევები კვლავ დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, და ჩინეთის ქალაქ ვუჰანში.
მსოფლიოში ერთ-ერთ ცხელ კერად კვლავ შეერთებული შტატები რჩება, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსისგან 1 715 ადამიანი გარდაიცვალა. ამის მიუხედავად სანაპირო ზოლი იხსნება ნიუ ჯერსიში. აკრძალვის მიუხედავად, გაიხსნა სპორტული დარბაზების ნაწილი კალიფორნიაში. იგეგმება ეკლესიების გახსნაც. შეზღუდვები გახდა ქვეყნის პირველი ინფექციონისტის და კენტუკის სენატორის კამათის მიზეზიც. რენდ პოლმა ენტონი ფაუჩის უთხრა, რომ მას ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია და ცალკეულ შტატში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის საკითხი მათი გადასაწყვეტია. ამერიკელი სენატორის საპასუხოდ შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა განმარტა, რომ მას ცალკეული გადაწყვეტილება არასოდეს მიუღია.
სპეციალური დამცავი აღჭურვილობის გარეშე ესტუმრა დონალდ ტრამპი პირბადეების სადისტრიბუციო ცენტრს . მომხდარს ამერიკული მედიის კრიტიკა მოჰყვა. მედიასაშუალების ნაწილი წერს, რომ თეთრი სახლის მიერ დაწესებულ ნორმას, რომელიც საჯარო სივრცეში პირბადის ტარებას მოითხოვს, თავად ქვეყნის პრეზიდენტი არ ასრულებს.
ახალი კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ბრაზილიაშია, სადაც კოვიდ 19-სგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 000-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ ინფექციით 835 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გარდაცვლილებს ვერტიკალურად მარხავენ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-სგან გარდაცვლილთა რაოდენობა რუსეთში 93-ით, თურქეთში 55-ით, სომხეთში ერთით, ირანში კი 71-ით გაიზარდა. მსოფლიოში დაავადების მსხვერპლის რაოდენობა სულ 300 000-ს აჭარბებს. 4 500 000-ზე მეტი გამოვლენილი შემთხვევიდან კი კოვიდ ინფექციისგან განკურნება მილიონ 704 ათასმა ადამიანმა შეძლო.