logo
ENG



ჯანმო ქვეყნებს კოვიდ-19-ის შემთხვევების მზარდი ტენდენციის შესახებ აფრთხილებს

27 ივნ 202016:40
3 წუთის საკითხავი
clock 426

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით - საკარანტინე ზომების შემსუბუქების ფონზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქვეყნებს კოვიდ-19-ის შემთხვევების მზარდი ტენდენციის შესახებ აფრთხილებს. ვითარება მკვეთრად გაუარესდა შეერთებულ შტატებშიც, სადაც რეგიონების ნაწილში ბიზნესი გარკვეული პერიოდით მუშაობას აღარ განაახლებს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ვირუსთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი 40 000 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ტეხასში, ფლორიდასა და არიზონაში ბიზნესის მუშაობის აღდგენის პროცესი შეაჩერეს. ტეხასის გუბერნატორმა ბარები ისევ დახურა. 

სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს მოსახლეობას არიზონის შტატის გუბერნატორიც. კალიფორნიაში კი მასობრივი ტესტირება დაიწყო. ბოლო ერთ დღეში შტატში 5 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაინფიცირების მაჩვენებელი 39 შტატშია მომატებული. 

შეერთებული შტატების ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ დაინფიცირების შემთხვევების რეალური რაოდენობა შესაძლოა 10-ჯერ მეტი - 20 მილიონი იყოს.  შექმნილი ვითარების გამო 27 აპრილის შემდეგ პირველად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე საუბრობს ევროპაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. ის 11 ქვეყანას ასახელებს, სადაც დაინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. ამ სიაში მოხვდა შვედეთიც, რასაც ოფიციალური სტოკჰოლმის მხრიდან პროტესტიც მოჰყვა. თუმცა ჯანმოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ყველა ქვეყანას, საკარანტინე ზომების  შემსუბუქების პარალელურად, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. 

დიდ ბრიტანეთში ბოლო დღეებში მასობრივ შეკრებებს არეულობა და პოლიციასთან დაპირისპირებები მოჰყვა. ლონდონში სამართალდამცველებმა ქუჩის არაერთი წვეულება დაშალეს. ბრაიტონში კი განგაში გამოცხადდა, რადგან  სანაპიროებზე უამრავი ადამიანი გავიდა. დაირღვა სოციალური დისტანციის წესი იმ დროს, როდესაც ქვეყანაში გარდაცვალების ახალი 200-მდე ფაქტი დადასტურდა. 

კორონავირუსის პანდემიაზე ისაუბრეს საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერებმა ვიდეოკონფერენციის დროს. რუსეთში დღეს  7 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამთვიანი პაუზის შემდეგ დღეს მუშაობა განაახლა პარიზის ორლის აეროპორტმა, საიდანაც პირველი კომერციული რეისები შესრულდა.


close დახურვა