გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 26 დეკემბრიდან ყველაში 2 გირჩი იქნება. ჯაფარიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში დააანონსა.
როგორც ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში განაცხადა, პოლიტიკური პლატფორმის სახელი ისევ გირჩი იქნება და მისი ლოგოც უცვლელი იქნება.
"26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი გირჩის ყრილობა, სადაც ახალი გირჩი დაფუძნდება. სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და რავიცი, 2 გირჩი იქნება ქვეყანაში. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, ამ ქვეყნის საზოგადოების რაღაც ნაწილს, მაგრამ იქნება ორი, იქნება კონკურენცია და საბოლოო ჯამში კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, რაზეც ცხოვრების ბოლო წლები დავხარჯე. ვაპირებ იგივე გავაგრძელო", - აღნიშნა მან.
ჯაფარიძე ამბობს, რომ ახალ გირჩი ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც პოლიტიკით გირჩის მეშვეობით დაინტერესდნენ.
"ეს იქნება ღია პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბევრი ახალი ადამიანის პოლიტიკაში მოსვლას. აქცენტი იქნება ახალგაზრდებზე, რომლებიც გირჩმა პოლიტიკით დააინტერესა დ ანახა, რომ პოლიტიკის კეთება შეიძლება სუფთად და წესიერად", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს ზურა ჯაფარიძემ Facebook-ის მსხვილ, დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტდა.
"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო", - წერდა ჯაფარიძე.
მოგვიანებით განცხადება იაგო ხვიჩიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ არ აპირებდა პარტიის დატოვებას.