logo
ENG



ჯაფარიძე: დეკლარაციის შევსებას მთხოვენ, ჯარიმით და სისხლისსამართლებრივი დევნით იმუქრებიან

06 თებ 202116:45
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: დეკლარაციის შევსებას მთხოვენ, ჯარიმით და სისხლისსამართლებრივი დევნით იმუქრებიან

მეტი თავისუფლება - გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ სპეციალური სამსახურები ქონებრივი დეკლარაციის შევსებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლებრივი პასუხისგებით - დაჯარიმებით ემუქრებიან. 

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი ფეისბუქზე წერს, მმართველმა პარტიამ თვითნებურად გადაწყვიტა ოპოზიციონერებისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხი, ახლა კი მათ სამართლებრივი დევნითაც ემუქრება.

„ანუ, კობახიძე-თალაკვაძეებმა ჯერ გადაწყვიტეს რომ მათი ნებაა ვიქნები თუ არა პარლამენტის წევრი. და ახლა მწერენ დეკლარაცია ჩაგვაბარე თორემ ჯერ 1,000 ლარს წაგართმევთ, მერე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო. ქართული ოცნება / Georgian Dream - რამე კიდევ დამავალეთ, ნუ გერიდებათ", - წერს ზურა ჯაფარიძე.

მსგავსი შინაარსის შეტყობინება მიიღო ხატია დეკანოიძემაც

ზურაბ ჯაფარიძე და ხატია დეკანოიძე 49 სხვა პოლიტიკოსთან ერთად, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ბოიკოტის რეჟიმში არიან და დეპუტატობაზე უარს ამბობენ. 

მათ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნითაც მიმართეს, თუმცა, ქართულმა ოცნებამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ითხოვს; ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. თუმცა, ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებას თანხმდება. 

მანდატების გაუქმება არ მოუთხოვია გირჩის მეორე განაყოფს - იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი კი პარლამენტშიც შევიდნენ, როგორც ამბობენ, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების დაპირების სანაცვლოდ. ასევე, პარლამენტში არიან პატრიოტთა ალიანსის სიის 4 დეპუტატი, რომლებმაც ახალი პარტია - ევროპელი სოციალისტები დააარსეს. 


close დახურვა