logo
ENG



ჯაფარიძე: დეპუტატის მანდატზე სხვებივით უარს ვიტყვი, მაგრამ ცერემონიები არ მიყვარს

10 დეკ 202016:06
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: დეპუტატის მანდატზე სხვებივით უარს ვიტყვი, მაგრამ ცერემონიები არ მიყვარს

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხვალ, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებისას ოფისში იქნება და არა მეტეხის ხიდთან, სადაც ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთობლივად გეგმავს მანდატებზე უარის თქმას. რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას ჯაფარიძე განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს მანდატის დროებით შენარჩუნებას, არამედ, ისიც სხვების მსგავსად იმავე ვადებში დაწერს განცხადებას. იგი აცხადებს, რომ "ცერემონიები არ უყვარს". 

"[ხვალ 12 საათზე] პარლამენტში არ ვიქნები, ალბათ, აქ ვიქნები ოფისში. ღონისძიებაზე არა. სამჯერ მაქვს უკვე რაღაცაზე ხელი მოწერილი და მესმის, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. რა პროცედურებიც არის გასავლელი იმისათვის, რომ ბოიკოტის რეჟიმი შევინარჩუნოთ და პარლამენტში არ შევიდე, გავივლი ჩემით. 

რა პროცედურებს გაივლიან სხვები, იგივე ვადებში გავივლი მეც. უბრალოდ, არ მიყვარს ცერემონიები", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, მანდატებზე უარს ამბობენ და პარლამენტში არ შედიან. 

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პირველი იყო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, ვინც ღიად თქვა, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა. იგი აცხადებს, რომ 11 დეკემბერს პარლამენტში არ შევა, თუმცა მოლაპარაკებების დასრულებამდე არც მანდატს გააუქმებს. 

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა შეთანხმების ნაწილად განიხილავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის დანიშვნაც შესთავაზა. ამ ეტაპზე ხელისუფლება არც ერთი ამ მოთხოვნის შესრულებას არ განიხილავს. საარჩევნო რეფორმა მოთხოვნების კიდევ ერთი ნაწილია - აქ მმართველი გუნდი ამბობს, რომ შეთანხმების მეტი სივრცეა.


close დახურვა