logo
ENG



ჯაფარიძე: იყო საკითხები, რაზეც შევთანხმდით, მაგრამ არის ბევრი საკითხი, რაზეც ვერ შევთანხმდით

07 დეკ 202016:45
3 წუთის საკითხავი
 

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია-ხელისუფლების შეხვედრაზე, რომელიც ფასილიტატორი ელჩების დახმარებით შედგა, შეთავაზებები პუნქტობრივად განიხილეს და არსებობს რაღაც საკითხები, რაზეც თანხმობა შედგა. 

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მას დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვს, თუმცა "პრინციპულ საკითხებზე" მხარეებს შორის კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. 

"გავიარეთ ქართული ოცნების წინადადება და ოპოზიციის წინადადება. იყო საკითხები, რაზეც შევთანხმდით, მაგრამ დარჩა ბევრი საკითხი, რაზეც ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებულები. არ მაქვს უფლება, დეტალები გითხრათ, მაგრამ ახლა, ამ წუთში რაც არის, პუნქტობრივად გავიარეთ საკითხები. იყო რაღაც პუნქტები, რაზეც თანხმობა შესაძლებელია, მაგრამ არის რაღაც პრინციპული საკითხები, რაზეც შეთანხმება შეუძლებელია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, ოპოზიციის მიერ შემუშავებული დოკუმენტი  არც ერთ პარტიას არ გაუსაჯაროებია. თუმცა, ის ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა. 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი მიმდინარეობდა. 

ისინი დღეს იმ 4-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. 

4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. მათი თქმით, ეს დოკუმენტი არის ერთგვარი რუკა, რომელშიც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე არის ლაპარაკი. 

წარდგენილ წინადადებებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნასაც ეხება. 

მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება. 

რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ფასილიტატორები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები არიან. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უკვე 2 შეხვედრა შედგა, თუმცა, უშედეგოდ. 

თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება. 


close დახურვა