logo
ENG



ჯაფარიძე: მე გირჩი არ დამიტოვებია, პარტია არ ვარ მე და არც ის ადამიანები

04 დეკ 202017:35
3 წუთის საკითხავი
 

პარტია გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას გირჩი არ დაუტოვებია და რჩება პარტიის ლდიერად.

ჯაფარიძის თქმით, ვინ იქნება გირჩში, ამას პარტიის მხარდამჭერები და ის ადამიანები გადაწყვეტენ, რომელთაც წლები, ენერგია და ფინანსური რესურსები შესწირეს გირჩს.

"პარტია არ დამიტოვებია, რა პარტია დავტოვე, რას ლაპარაკობთ. პარტია არ ვარ მე და არ არიან არც ის ადამიანები. ვინ იქნება გირჩში, მაგას გადაწყვეტენ გირჩის მხარდამჭერები და ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვთ ჩადებული გირჩში. ვრჩები გირჩის ლიდერად. არ ვაპირებ გარეთ არაფრის გამოტანას. პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი არ არის. ჩვენი გზები გაიყო ნიშნავს, რომ მაგ ადამიანებთან ერთად გირჩის კეთებას აღარ ვაპირებ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

გირჩის ლიდერმა ულტიმატუმთან დაკავშირებით თანაპარტიელების განცხადებასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მათ ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის კონკრეტული პირობები შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

"მე მქონდა პირობები, რა პირობებშიც ვთავაზობდი ერთად გაგვეგრძელებინა საქმის კეთება. მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავამთავრე საუბარი", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

დღეს ზურა ჯაფარიძემ Facebook-ის მსხვილ, დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მეგრელიშვილთანხვიჩიასთან და რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტდა. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ჯაფარიძეს საჯარო განმარტება აღარ გაუკეთებია. 

პარტიის პრესსამსახურის მხრიდან პოსტის ავთენტიკურობის დადასტურების მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია, ვინ მიდის და ვინ რჩება პარტიაში. 

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია ამ გადაწყვეტილების მხოლოდ საბაბია, რომლის უკანაც არ იცის, რა დგას. 

თავად ჯაფარიძემ თავისივე პოსტში განაცხადა, რომ ხვიჩიას განცხადება, რომელმაც სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია გამოიწვია, მისი გადაწყვეტილების მიზეზი არ არის, თუმცა იქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილების მიზეზების საჯაროდ განხილვას არ აპირებს. 

პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ მათ საჯარო განცხადებების გაკეთებამდე პოზიციების შეთანხმება მოსთხოვა. მისი თქმით, გუშინ ორჯერ სცადა ჯაფარიძესთან ტელეფონით დაკავშირება, თუმცა მას საუბრის სურვილი არ ჰქონდა. 

"სტატუსის მერე ზურასთან არ დამირეკავს, რადგან გუშინ ორჯერ მითხრა უარი საუბარზე. ზურა ჯაფარიძესთან მხოლოდ საჯარო კომუნიკაცია მექნება ამიერიდან", - აღნიშნა მეგრელიშვილმა. 

გირჩის კიდევ ერთი წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ჯაფარიძე მას, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს ულტიმატუმების ენით ელაპარაკა. რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ ჯაფარიძის მიერ არჩეული ურთიერთობის ფორმა არასწორია. 


close დახურვა