გირჩის წევრი იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ აპირებს პარტიის დატოვებას. ის ასევე აღნიშნავს, რომ გირჩიდან ვერც სხვების წასვლა წარმოუდგენია და იმედოვნებს, რომ ჯაფარიძე საქმიანობის გაგრძელებას გირჩშივე აპირებს.
ჯაფარიძემ დღეს, 4 დეკემბერს Facebook-ზე დაწერა, რომ მისი, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის გზები გაიყო.
"მე ვერ წარმომიდგენია, რომ გირჩიდან, ამ ჩამოთვლილი ხალხიდან რომელიმე წავიდეს. ზოგადად, იმედი მაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ზურაბ ჯაფარიძე გირჩში ჩემთან და ვახოსთან და ვიღაცასთან კომუნიკაციის გარეშე გააკეთებს იმ საქმეს, რასაც აკეთებდა. დანარჩენი, ალბათ, თვითონ უნდა გვითხრას. მე ვერავის ვეტყვი, რომ ზურაბ ჯაფარიძე უნდა წავიდეს პარტიიდან. გირჩი ჩემი სახლია. მე არ ვფიქრობ, რომ რამე უნდა დავტოვო", - აცხადებს ხვიჩია.
ჯაფარიძემ პარტიელებთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში, "გირჩის ბაბლში" დაწერა:
"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო", - წერს ჯაფარიძე.
ჯაფარიძე ხვიჩიას Facebook პოსტს გულისხმობს, რომელშიც ხვიჩია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავების გამო აკრიტიკებდა.
"პორნო გადმოწერა, დაასეივა ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს", - წერდა ხვიჩია.
ხვიჩიას პოსტს სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.
იაგო ხვიჩიას განცხადების შემდეგ ჯაფარიძე რამდენიმე დღის განმავლობაში საკითხზე პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებდა.
სხვა ადამიანების მსგავსად, გუშინ თავად ხვიჩიამაც დაწერა, რომ ჯაფარიძეს ამდენად რეზონანსულ საკითხზე პოზიცია აუცილებლად უნდა დაეფიქსირებინა.
ხვიჩიამ თქვა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც, მისი თქმით, მას ლანძღავდა, ჯაფარიძის მეგობრები და დამფინანსებლებიც იყვნენ.
გუშინ, 3 დეკემბერს Zoomer-ში ამომრჩევლების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე, ჯაფარიძეს ხვიჩიას განცხადების შესახებ კითხვა დაუსვეს, თუ როდის შეიცვლებოდა სიტუაცია პარტიაში და როდის ექნებოდათ პარტიის სხვა ლიდერებს იაგოს "მსგავს" განცხადებებზე ადეკვატური რეაქცია.
კითხვის საპასუხოდ ჯაფარიძემ თქვა, რომ იაგოს პოზიციას არ იზიარებდა, თუმცა არა განცხადების შინაარსის გამო. მას ასევე თქვა, რომ პარტიაში რაღაცები შეიცვლებოდა.
"კი რაღაცებს შევცვლით. მე არ ვარ მაგის მომხრე, რომ რამე თემაზე ვინმემ თავი შეიკავოს. ფუნდამენტურად არასწორი მგონია, მაგრამ ფორმას გააჩნია. როდესაც ასეთ კონტრავერსიულ თემას ეხები, როგორ გადმოსცემ საკუთარ აზრს და მინიმუმ ის უნდა გაითვალისწინო, როდესაც ასე რაღაცას ზერელედ სამი წინადადებით აგდებ და ამას მოყვება აფეთქება და გინება ყველა მხრიდან, მერე რაც არ უნდა ცადო, რაღაცების ახსნა, უნდა გესმოდეს, რომ ამითი სერიოზული ზიანი მოადგა უკვე გირჩს", - თქვა გუშინ ჯაფარიძემ.