გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, რომ მას და ნიკა მოსიაშვილს 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით ასამართლებენ, რაც ხულიგნობასა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
"გვასამართლებენ მე და ნიკა მოსიაშვილს. 166-ე და 173-ე მუხლებია სტანდარტულად, ხულიგნობა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა. მტკიცებულებები რომ ვერ მოიტანეს, გვედავებიან დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო ანუ, ვიღაც ქალის ხმა რომ ისმოდა - ‘მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში …’ - ამას რატომ არ დაემორჩილეთ და არ დაიშალეთო. რა ბელარუსი, ნიკარაგუა ვართ."- წერს ზურაბ ჯაფარიძე.
* * *
მოსიაშვილი და ჯაფარიძე 7 მარტს მშვიდობიან აქციაზე დააკავეს.
ოჯახის წევრების და ადვოკატების ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა - მას დაკავების შემდეგაც სცემეს.
9 მარტს ნიკა მოსიაშვილს თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ტექნიკურად იყო დაზიანებული საჯარო დაწესებულებებზე განთავსებული კამერები, რომელთაც 8 მარტის აქციაზე პოლიციელების მხრიდან ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ძალადობა უნდა დაეფიქსირებინათ.