logo
ENG



ჯაფარიძე: მოვუწოდებ სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდებს, პარტიებს, ახლა ერთიანობის დროა

08 ივლ 202420:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/08/1ra98zgkz3mhou7.jpg

მინდა, პირველ რიგში, მივესალმო ჩემს სტუდენტებს და ჩემს მოსწავლეებს, მინდა, მივესალმო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში ან დაიჭირეს და იხდის სასჯელს, ან ფიზიკური ანგარიშსწორების ობიექტი გახდა. მინდა, ამ ადამიანებს გამოვუცხადო სოლიდარობა. სოლიდარობა მათ, ვინც გარეთაა, და მათ, ვინც ავტორიტარიზმთან ბრძოლის გამო ციხეებში იხდიან სასჯელს.

მინდა, მადლობა გადავუხადო თინა ბოკუჩავას, გიორგი ვაშაძეს, მათგან მოდიოდა ის ინიციატივა, რომ მეც ვყოფილიყავი ამ ერთიანობის წევრი, მეც გავერთიანებულიყავი ამ ერთიანობაში, სადაც ყველანი ვართ ერთად. 

ალბათ, ყველას დაგებადებათ კითხვა, რატომ გადავწყვიტე ახლა 50 წლის ასაკში შევაბიჯო პოლიტიკაში. მე მქონდა 10-წლიანი დიპლომატიური კარიერა, მაქვს ძალიან კარგი 10-წლიანი კარიერა აკადემიაში, არაფერი მირჩევნია სტუდენტებთან ურთიერთობას, მაგრამ გადაწყვიტე, რომ გამოვიდე ამ კომფორტის ზონიდან, იმიტომ, რომ ეს არის მართლა ერთგვარი კომფორტის სივრცე და ჩავერთო იმ ბრძოლაში, რომელშიც არიან ჩემი მეგობრები, თანამოაზრეები, რომელშიც ხართ თქვენც. არ იყო ეს ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ მე მგონია, რომ საქართველო იმყოფება ისტორიულ გზაჯვარედინზე. ჩვენ დღეს ან გადავრჩებით, ან ჩვენ დავკარგავთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს არჩევანი - ან გავხდებით მშვიდობის, კეთილდღეობის, სტაბილური განვითარების, სამართლიანობის, სოციალური დაცულობის სივრცის ნაწილი, ან ჩვენ ვერ ვიქნებით. 

როდესაც ჩემს ქვეყანას უდგას ასეთი არჩევანი, რთული იყო დავრჩენილიყავი სახლში. გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა, შეიძლება გამოადგეს ჩემს ქვეყანას. ამ ნაბიჯის გადადგმისას ვფიქრობდი, რომ მე მექნებოდა თქვენი მხარდაჭერაც, ჩემი მეგობრების მხარდაჭერა, მექნება ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერა. გადავწყვიტე, გადავდგა ეს ნაბიჯი, იმიტომ, რომ მგონია, რომ დღეს ალტერნატივა არ აქვს ერთიანობას. აქედან მინდა მოვუწოდო ყველას, სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას, პოლიტიკურ პარტიებს, აქედან მინდა მათ გავუგზავნო ეს გზავნილი, ახლა არის დრო ერთიანობის. ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენ გადაგვარჩენს ერთიანობა.

 


close დახურვა