logo
ENG



ჯაფარიძე: როდესაც ამოიწურება ყველა ინსტანცია, აუცილებლად გავასაჩივრებთ სტრასბურგშიც

12 იან 202214:18
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, თუ მათ წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე საქართველოში გამამართლებელ განაჩენს ვერ მიაღწევენ, საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებენ. ამაზე ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"თუ ის ძალაში დარჩა, როდესაც ამოიწურება ყველა ინსტანცია, ჩვენ გავასაჩივრებთ აუცილებლად სტრასბურგშიც. სამართლებრივი პროცესი ამას გულისხმობს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეგვიძლია გავასაჩივროთ სააპელაციოში, თუ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, მერე გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში, თუ იგივე დატოვა უზენაესმაც, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ჩვენ წავიდეთ სტრასბურგში",- ამბობს ჯაფარიძე. 

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მათ არ დააპატიმრებენ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გაუუქმდათ შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა.

ბრალდებულები მოსამართლე გიორგი არევაძემ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით სცნო.

პროკურატურა ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.


close დახურვა