საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყანა 30 წელი ერთი მიმართულებით ვითარდებოდა, ახლა "სხვა მხარეს წასვლა" საქართველოს პერსპექტივებზე უარყოფითად იმოქმედებს.
"30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს, რომლებიც თითქოსდა განსაზღვრულია ჩვენი კონსტიტუციით და იმ პრაქტიკით, რა გზასაც დამოუკიდებლობის ხელმეორედ მოპოვების შემდეგ ვადექით", — თქვა ნეტგაზეთთან ჯაფარიძემ.
მისი თქმით, აშკარაა, რომ რუსული კანონი "მხოლოდ შიდა მოხმარების არ არის", რაზეც ნათლად მეტყველებს საერთაშორისო საზოგადოების ის რეაქციები და რეზოლუციები, რომლებიც ამ ინიციატივას მოჰყვა.
იგი სასაცილოსა და ტრაგიკომიკურს უწოდებს მტკიცებას, რომ "მთელი მსოფლიო არასწორია და მხოლოდ ჩვენ, — ვინც უცხოური გავლენის კანონს იღებს, — ვართ მართალი" და დაამატა, რომ რუსული კანონის მიღება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, რაც, მისი თქმით, კანონის ინიციატორთა ინტერესებშიც შედის.
"არ ვიცი, რამ განაპირობა ახლა ამ კანონის ინიციირება, მაგრამ, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკურ კურსს და ჩვენს უსაფრთხოებას ამგვარი კანონი არ წაადგება. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, მთელი მსოფლიო ფეხზე წამოდგა და გვირჩევს — თავში არავინ გვირტყამს, რომ ეს კანონი არ წაადგება იმას, რაც ჩვენ გვინდა. თუ [ევროინტეგრაცია] არ გვინდა და ვინც ამ კანონის ინიციირებას ახდენს, ის პოლიტიკასაც ცვლის, ეს სხვა თემაა, მაგრამ ეს კანონი მიიღო და ამავე დროს იძახო, მაინც ევროპისკენ მივდივართ, ეტყობა, ასე არ გამოდის — ამას გვეუბნება მთელი მსოფლიო", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.