logo
ENG



ჯაფარიძე: სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტო ვადებში დაიწყო ჩვენი საქმის განხილვა

26 თებ 202416:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/26/ir69lxiyx5p7065.jpg

პარტია ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტო ვადებში დაიწყო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის განხილვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

ბრიფინგი შეეხებოდა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო. ინფორმაცია პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძე გაავრცელა.

"საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ჩვენ გაგვამტყუნეს, ვითომ თაღლითობის ჩადენის გამო. ეს სარჩელი იქნა არამხოლოდ მიღებული, არამედ სასამართლომ უკვე დაიწყო განხილვა უპრეცედენტო ვადებში და ამ საქმეს მიანიჭა პრიორიტეტი. მინდა გითხრათ ამასთან დაკავშირებით შემდეგი რამ.

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციაში ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან და კლავენ. საქართველოში ოპონენტებს ცდილობენ, რომ გაუსწორდნენ სხვაგვარად - მორალურად მოკლან ისინი. 4 წელია მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის და ჩემი მორალური მოკვლის მცდელობა. ეს დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და ამ მცდელობაში მონაწილეობენ ქართული ოცნების ყველა სპიკერი, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვიწოდებს ხანდაზმულ თაღლითს, მოროდიორს, ბანდიტს, ფულის გამთეთრებელს", - ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტიკური ნიშნით დევნილი კი არავინ აღარ იქნება.

"რა თქმა უნდა, მათი იმედი არის ის, რომ სრულად აკონტროლებენ პროკურატურას და სასამართლოს და შეუძლიათ გამოყენონ ჩვენს წინააღმდეგ საქართველოს ფარგლებში, მაგრამ მათ ხელი არ მიუწვდებათ ევროპულ სასამართლოზე და ჩვენ ამიტომ დავიწყეთ ეს პროცესი, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. ამიტომ, მივმართეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც ასეთი უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო.

ჩვენ ამ მორალური მკვლელობის მცდელობას ვუპასუხეთ გაძლიერებით, ვუპასუხეთ იმით, რომ ჩვენი მცდელობა, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, აუცილებლად შედეგს გამოიღებს და აღარასოდეს არავინ აღარ იქნება დევნილი პოლიტიკური ნიშნით. ყველა ცენტრალურ საკითხზე, რომელიც ჩვენ სარჩელში დავაყენეთ, სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ ჩვენი პოზიცია არის დასაბუთებული და საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა დაუყოვნებლივ პასუხის გაცემა", - აღნიშნა მან.

2022 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ.

დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.

TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.

ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებდა.


close დახურვა