logo
ENG



ჯაფარიძე: შესვლა/არშესვლის საკითხი დასმული იყო, მაგრამ პარტიებს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

01 ნოე 202016:13
3 წუთის საკითხავი
 

გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ და კონკრეტული გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა/არშესვლასთან დაკავშირებით მიღებული ჯერ არ აქვთ. 

როგორც ჯაფარიძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპზე პარტიებმა უნდა გაცვალონ ერთმანეთში დარღვევების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რათა შემდგომი ნაბიჯები გადადგან.  

"შესვლა/არ შესვლის საკითხი დასმული იყო, მაგრამ გადაწყვეტილება არც ერთი პარტიის მიერ მიღებული არ არის. არც გირჩის მიერ და არც სხვა პარტიის მიერ. გირჩი დარჩება საერთო შეთანხმების ერთგული. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გირჩი ამ გადაწყვეტილების ერთგული დარჩება. ეს საკითხი მხოლოდ განიხილეს, თუმცა გადაწყვეტილი არ არის. ვაგრძელებთ კონსულტაციებს, მათ შორის პარტიის შიგნითაც და პარტიები ერთმანეთში. ვნახულობთ დამკვირვებლების განცხადებებს. ამის ფონზე მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას. 

ჩემი მთავარი კითხვა იყო - გვაქვს თუ არა პარტიებს დამატებითი ინფორმაცია, რაიმე სხვა მძიმე დარღვევებზე, გარდა იმ ინფორმაციებისა, რაც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან სადამკვირვებლო მისიებს. გვაქვს განცდა, რომ არჩევნებზე მძიმე დარღვევები იყო. ორივე გადაწყვეტილებას შესვლის და არ შესვლის თაობაზე, პლუსებიც და მინუსებიც აქვს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.  

ცნობისთვის, ამ დროისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უბნების 96.85% აქვს დათვლილი. ცესკოს მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,06% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 27,07%, ხოლო ევროპულმა საქართველომ - 3,79%.  

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს. ამის გამო, ოპოზიციამ პარლამენტთან აქცია დააანონსა. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება. 

გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერები შემდეგ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადიან.


close დახურვა