გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ახალი კორონავირუსის გაზრდილ რიცხვებს თავის სასარგებლოდ იყენებს და "რიცხვებით თამაშობს".
მან ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში თქვა, რომ ის, რაც ახლა ხდება, ქართული ოცნების წინასაარჩევნო სტრატეგიაა.
"[კორონავირუსის გამოვლების] რიცხვები დაბალი იყო გაზაფხულზე და ცდილობდნენ, მაქსიმალურად დაბალი ეჩვენებინათ და კამპანია ჩაეტარებინათ იმაზე, რომ ჩვენ ვართ მსხნელები და გმირები და საუკეთესო სტატისტიკა გვაქვს დედამიწაზე, საუკეთესო განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს ვჯობივართ, ისე მაგრად მოვერიეთ ამ კორონას.
ამ ქვეყანაში, ჩემდა სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, რომელიც ამ მთავრობას უყურებს, რომელიც რასაც კი შეეხო, ყველაფერი გააფუჭა და არაფერი არ გამოსვლიათ, დაიჯერა, რომ რესპირატორული ვირუსი, რომელიც ჰაერში დაფრინავს, ამის გაკავებაში არიან მაგრები და ამაზე ქულები დაიწერეს.
ახლა პირიქით, შეტრიალებული აქვთ ფირფიტა", - ამბობს ჯაფარიძე.
მისივე განცხადებით, მმართველ გუნდს მოქალაქეების მაქსიმალურად შეშინება უნდა, რათა მათ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვან, ეს კი, საბოლოო ჯამში, სწორედ ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს.
"მათ ინტერესშია გაზრდილი რიცხვები, რომ მაქსიმალურად შეაშინონ მოქალაქეები, რომ რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობის მოქალაქე გამოვიდეს არჩევნებზე. ისინი თავიანთი ხმების, ადამიანური რესურსის მობილიზებას ნებისმიერ შემთხვევაში მოახერხებენ, იმიტომ, რომ არმიასავით ჰყავთ, ზოგს აშინებენ და ზოგს ყიდულობენ.
ხოლო ოპოზიციურ ფლანგის რაც უფრო ნაკლები მხარდამჭერი მოვა არჩევნებზე, მით უფრო მაღალი იქნება მათი პროცენტი", - თქვა გირჩის ლიდერმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, 20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ვირუსი 19 857 ადამიანს დაუდგინდა.