პარტია "ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას ხაზარაძე-ჯაფარიძე ქვეყნის ძარცვაში დაადანაშაულა და თქვა, რომ პორტის აშენების მიღმა, მათი ზრახვა "გამდიდრებისა და ძარცვის იდეა იყო".
"სინამდვილეში, ანაკლიაში იყო ინვესტირებული 75 მილიონი დოლარი, რაც არის საერთაშორისო აუდიტორიის მიერ დადასტურებული და ეს ციფრი და ეს დოკუმენტაცია არის ეკონიმიკის სამინისტროში. თავი უნდა შეეწუხებინა პრემიერმინისტრს და მოეთხოვა ეკონომიკის სამინისტროდან რეალური ინვესტიციის ოდენობა, რომელიც დადასტურებული აქვს მაღალი რეპუტაციის აუდიტორულ კომპანიას.
ეს ერთი ტყუილი, რომელიც მან დღეს გააჟღერა, თითქოს ინვესტიცია იყო 25 მილიონი და არა 75. მეორე დიდი ტყუილი, რომელიც მან თქვა, რომ თითქოს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განახორციელეს 3 მილიონის ინვესტირება, სინამდვილეში ეს არის 40 მილიონი დოლარის ინვესტირება, რომელიც ასევე დადასტურებულია იმ დოკუმენტაციით, რომელიც წარდგენილია ეკონომიკის სამინისტროში უკვე რამდენიმე წელია და დევს იქ", - განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, ის, რომ დღეს ანაკლიაში მაცხოვრებელ ადამიანებს მართლაც დიდი პრობლემა აქვთ შექმნილი, ეს იმის გამო ხდება, რომ იქაურობა არის გაპარტახებული და არის სრული განუკითხაობა, რაც მისი განცხადებით, არის ქართული ოცნების ხელისუფლებისა და მთავრობის პირდაპირი მიზეზით, მათი დანაშაულებრივი მოქმედებით, რადგან როგორც თავად ამბობს, მათ სამი წლის წინ ჩამოართვეს ინვესტორს 75 მილიონი დოლარი.
"ლელოს" ლიდერი აღნიშნავს, რომ უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს მისი და მამუკა ხაზარაძის სამართლებრივი დევნა. მისი თქმით, ეს სწორედ იმ მიზნით ხდება, რომ მათი რეპუტაცია შელახულიყო, იმ მიზნით, რომ თავის დროზე გაეჩერებინათ ანაკლიის პროექტი და ამან ყველაფერმა ჯაფარიძის აზრით, ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა.
"გამორჩეული დღეს ღარიბაშვილის სიტყვიდან იყო კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც მან გააჟღერა, რომ თითქოს თავის დროზე ითხოვდნენ სახელმწიფოსგან გარანტიას, კონსორციუმი ითხოვდა გარანტიას, სანაცვლოდ არაფერს არ სთავაზობდა. სინამდვილეში, სიმართლე არის შემდეგი, რომ ევროკავშირის კომისართან ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროკავშირი უზრუნველყოფდა ანაკლიის პროექტისათვის 50 მილიონი ევროს გარანტიას. ოღონდ ამ გარანტიას უზრუნველყოფდა, თუკი სახელმწიფოც უზრუნველყოფდა 50 მილიონი დოლარის გარანტიას და თუკი, ჩვენ ვუზრუნველყოფდით 50 მილიონი დოლარის გარანტიას, რაზეც ჩვენ თანხმობა მივეცით და მთავრობამ თქვა უარი. მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმი მზად იყო ამ 50 მილიონი გარანტიის სანაცვლოდ, უზრუნველყოფა მიეცა მთავრობისთვის და პროექტში მონაწილეობა დაეთმო.
ღარიბაშვილისგან ვისმენთ, რომ თურმე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა სახელმწიფო ჩადებს ანაკლიაში პროექტს, ანუ ხუთჯერ მეტ ინვესტიციას განახოროციელებს ანაკლიაში, იმ დროს, როცა 50 მილიონიან გარანტიაზე უარი თქვა, ევროკავშირის წინადადებას უარი უთხრა", - თქვა "ლელოს" ლიდერმა.
ჯაფარიძის თქმით, ქართული ოცნების პირობებში, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება არ მოხდება.
"ღარიბაშვილის ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს, ყველა ტყუილს. ის ინვესტირება, რომელზეც ის საუბრობს, ეს არის დაახლოებით 200-დან 250 მილიონამდე დოლარის ინვესტირება, რაც ბიუჯეტში არ არის. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი. ამიტომ, რა თქმა უნდა ქართული ოცნების პირობებში, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება არ მოხდება", - განაცხადა ჯაფარიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება და პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.