საქალაქო სასამართლოში დღეს პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრების სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ეხება საპროტესტო აქციის გამართვის გამო აქტივისტების 3000 ლარით დააჯარიმებას.
პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სასამართლოზე ბრალდების მხარე მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს და პოლიციელები ცრუ ჩვენებებს მიცემენ.
„როდესაც მე ვმართავდი იპოდრომზე სეირნობა აქციას, როდესაც მე ვაპროტესტებდი საგანგებო მდგომარეობას და კომენდანტის საათს, მაშინ ეს ორი გოგო ჩატენეს მანქანაში და გადაიყვანეს სასამართლოში. მოლოდინები არ მაქვს პოზიტიური. მაღალი ალბათობით, მიიყვანენ პოლიციელებს, რომლებიც ცრუ ჩვენებებს მისცემენ. მოსამართლე დიდი ალბათობით გაიზიარებს მათ ჩვენებებს. საბოლოოდ, ალბათ, დააჯარიმებენ ამ ადამიანებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ გირჩის წევრებმა და მხარდამჭერებმა ძველ იპოდრომზე სეირნობა-აქცია ერთი კვირის წინ გამართეს და ამით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება გააპროტესტეს. პოლიციამ 3 ადამიანი, მათ შორის 2 გირჩის წევრი დააკავა, დააჯარიმეს აქციაზე მყოფი სხვა პირებიც.
