გირჩის ლიდერმა, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის მერიას ოფიციალურად მიმართა 8 ოქტომბერს მუშტაიდის ბაღში წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვის ნებართვისთვის.
საჯარო Facebook პოსტზე მან ამ თხოვნით მერს, კახა კალაძეს მიმართა და იქვე, მუშტაიდში დაგეგმილი საქართველო-ბელარუსის მატჩზე დაპატიჟა.
"ოფიციალური წერილით მოგმართეთ დღეს დილით და იქნებ ოფიციალურად დამიდასტუროთ დღესვე, რომ მუშტაიდის ადმინისტრაციას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, თუ მე ხვალ იქ გავმართავ წინასაარჩევო შეხვედრას და პარალალურად ეკრანზე გავუშვებ საქართველო-ბელორუსის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩს, რადგან ადამიანთა თავშეყრა ღია სივრცეში დაშვებულია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.
პასუხი ძალიან მეჩქარება, რათა დავიწყო ლოგისტიკური საკითხების მოგვარება. მადლობა წინასწარ და აქვე გეპატიჟებით მატჩის საყურებლად. ხვალ მუშტაიდში შეგვიძლია ცოტა ხნით გავმიჯნოთ სპორტი და შიდა პოლიტიკა", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
გუშინ, 6 ოქტომბერს თბილისის მერი, კახა კალაძე ზურა ჯაფარიძის Facebook ლაივს კომენტარით გამოეხმაურა: "მიდი, ჯაფარ, ძმაო, მთავარია კანონი და რეგულაციები და ვინ დაგიშალა?".
ჯაფარიძის თქმით, მან მუშტაიდის ბაღს მიმართა, თუმცა, ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილი მერიისგან მოითხოვა. იგი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ადმინისტრაციას სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ეშინია და მას საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ოფიციალური ნებართვა არ სჭირდება.
8 ოქტომბერს ზურაბ ჯაფარიძე მუშტაიდის ბაღში ამომრჩევლებთან შეხვედრის მოწყობას აპირებს. ასეთი გადაწყვეტილება კანდიდატმა მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.