logo
ENG



ჯაფარიძე კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე: დასტურია, რომ ოცნება იზოლაციაში გვაქცევს

26 სექ 202411:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/26/lxfrm1hk6bjacip.jpg

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გია ჯაფარიძის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ პრემიერმინისტრისთვის ირაკლი კობახიძისთვის მოწვევის გაუქმება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული ოცნება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს.

გია ჯაფარიძის თქმით, ეს არის პასუხი აშშ-ის მხრიდან ქართული ოცნების ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდასავლურ პოლიტიკაზე.

"არაერთხელ გვითქვამს, რომ ქართული ოცნება აქცევს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში, ამის კიდევ ერთი დასტურია, რომ გენერალური ასამბლეის პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მოწვეულ ვახშამზე ის აღმოჩნდა არასასურველ მეთაურთა რიცხვში, ისეთი ადამიანების რიცხვში, როგორიცაა პუტინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თუ სხვა დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმის ლიდერები. ეს არის ბუნებრივია პასუხი იმ ქცევაზე, პოლიტიკაზე, რასაც ახორციელებს ქართული ოცნება. ქართული ოცნების პოლიტიკა არის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური და აშშ-ის მხრიდან ამას ჰქონდა უკვე პასუხი იმ სანქციების სახით, რომელიც არის დაწესებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე.

საქართველოს ჰყავს სანქცირებული მთავრობა, ჯერ არ ყოფილა მსოფლიოში შემთხვევა, რომ სანქცირებულ მთავრობას სადმე შეეყვანოს თავისი სახელმწიფო. ქართული ოცნების პირობებში შეჩერებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ქართული ოცნება აქცევს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში, ქართული ოცნება არის საერთაშორისო კეთროვანი, ქართულ ოცნებას უკვე არ ესალმებიან, ხელს არ ართმევენ. ჩვენ ვექცევით იმ საერთაშორისო იზოლაციაში, რომელიც ერთადერთ რამეს ჰპირდება ჩვენს მოქალაქეებს - სიღარიბეს, სიღატაკეს", - თქვა გია ჯაფარიძემ. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრადიციულ მიღებაზე სტუმრების სიიდან ირაკლი კობახიძე ამოიღო. ირაკლი კობახიძემ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას "არასერიოზული" უწოდა. 


close დახურვა