საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდნენ. როგორც გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა პრობლემას, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდს, მედიას, რუსეთს.
"იყო საუბარი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ქვეყნის ბედისთვის, პირველ რიგში ეს არჩევნები ეხება ამ ქვეყნის კურსს, გავაგრძელებთ დასავლეთისკენ სვლას თუ დავბრუნდებით რუსეთის წიაღში, ყველა პრობლემაზე იყო საუბარი, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით. მედიასთან დაკავშირებით, ძალაუფლებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აინტერესებდათ რუსეთთან მიმართებით ქვეყანას ახლა რა მდგომარეობა აქვს და რა განსხვავებაა არსებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის", - უთხრა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლელოსა და დროას ლიდერები. კონგრესმენები 3 დღის განმავლობაში დარჩებიან თბილისში. დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც.