logo
ENG



ჯაფარიძე რამიშვილზე: 65 ქალიც რომ იყოს, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყეტილებას

28 მარ 202316:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/28/7i42a32998z8ne1.jpg

POSTV-ის მფლობელი, ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მისი ტელეკომპანიის ხელმძღვანელზე შალვა რამიშვილზე საუბრისას ამბობს, რომ მისთვის "მიუღებელია სასამართლო გადაწყვეტილებამდე ადამიანის გამტყუნება".

მიუხედავად იმისა, რომ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული შალვა რამიშვილის საქმეზე შსს-ს გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია, ჯაფარიძე აცხადებს, რომ არ აპირებს სასამართლო გადაწყვეტილებამდე რამიშვილის ეთერიდან ჩახსნას.

"ლინჩის წესით ხომ არ გავასამართლებთ ადამიანს კაცო, რა გინდათ? სასამართლოს მიმართონ, სასამართლო გადაწყვეტილება არა მარტო ჩემთვის და შალვასთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის არის გადამწყვეტი. 

არაფერს [ეთერიდან ჩახსნა] არ ვაპირებ სასამართლო გადაწყვეტილებამდე. სასამართლომდე ასე ადამიანის გამტყუნება, რომ გინდა თუ არა ესე იყო, ჩემთვის მიუღებელია. არ აქვს მნიშვნელობა, 65 [ქალიც] რომ იყოს, სასამართლო როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას, შემდეგ ვისაუბრებთ", - თქვა ჯაფარიძემ ტვ პირველთან საუბრისას. 

ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში 21 მარტს ამხილა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.

ისტორიების მოყოლის შემდეგ ორგანიზებული თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართ. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია. 

ქალების მხრიდან მხილების შემდეგ 24 მარტს 112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."

სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.


close დახურვა