ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ზუგდიდსა და ბათუმში ძველი საკრებულოების მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნება ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას ყველანაირი მეთოდით ცდილობს.
ჯაფარიძე საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს ქართული ოცნების მხრიდან კონფრონტაციისა და დაძაბულობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს უწოდებს.
"ამ ქალაქებში, სადაც ოპოზიციური საკრებულოა და ქართული ოცნების მხრიდან არის არჩეული მერი, ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს შეთანხმებით წინსვლა, ჩვენ სახეზე გვაქვს ძალისმიერი მცდელობა და ძალით გატანილი ბიუჯეტი, რომელიც არის დამტკიცებული იმ საკრებულოს მიერ, რომელიც დაითხოვა ამომრჩეველმა. ამას სხვაგვარად ჩვენ კვალიფიკაციას ვერ გავუკეთებთ, ვიდრე კონფრონტაციისა და დაძაბულობისკენ კიდე ერთი გადადგმული ნაბიჯი", - თქვა ჯაფარიძემ.
ბათუმსა და ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულოებმა ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ახალი საკრებულო მიზანმიმართულად არ მოიწვიეს, რათა ფინანსური დოკუმენტი თავისი სურვილისამებრ დაამტკიცონ. მათი შეფასებით, პროცესი არალეგიტიმურია.