გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის ზურა ჯაფარიძე სუს-ის შენობიდან მანქანიანად საჯარიმოზე გადაიყვანეს და გზის სავალი ნაწილის გადაკეტისთვის 200 ლარით დააჯარიმეს.
ჯაფარიძის თქმით, საჯარიმოზე მიყვანის შემდეგ მანქანიდან თვითონ გადმოვიდა, რის შემდეგადაც პოლიციელებმა განუმარტეს, რომ გარდა ჯარიმისა, საქმე აღძრულია დაუმორჩილებლობის მუხლითაც.
"დამაჯარიმეს 200 ლარით, სავალი ნაწილის გადაკეტისთვის თუ რაღაც ეგეთი. გარდა ამისა 173-ე მუხლითაა საქმე აღძრული დაუმორჩილებლობაზეო, ოღონდ რას არ დავემორჩილე, არ ვიცი იმიტომ, რომ არ გამიგია მათი არანაირი ბრძანება მანქანაში ვიჯექი და მანქანა არის გადაყვანილი საჯარიმოზე და ამაზე იქნება ალბათ გადასახდელი კიდევ", - თქვა ჯაფარიძემ.
დღეს ერთდროულად 6 ქალაქში გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებმა სუს-ის შენობების ბლოკირება სცადეს.
პარტიის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ბათუმის და გორის შენობების შესასვლელებთან მანქანები დააყენეს.
ზურა ჯაფარიძე მანქანით სახელმწიფო უსაფრთხოების შენობიდან ევაკუატორით წაიყვანეს. ამ დროს ჯაფარიძე მანქანაში იჯდა.
მანქანების საქარე მინებზე მათ ჰქონდათ პლაკატები წარწერებით:
"სრულად პროპორციული არჩევნები 2%-იანი ბარიერით; რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე; მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში".
თელავში დააკავეს გირჩის წევრი, მწერალი ტორესა მოსი. მას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი თავისი მანქანიდან გადმოათრიეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს. შემდეგ კი მოიყვანეს ევაკუატორი, რათა ადგილიდან მანქანაც გადაიტანონ.
სავარაუდოდ, დაკავებულები არიან ბადრი გრიგალაშვილი და გიორგი ფუტკარაძეც.
დღევანდელი აქციით გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებმა 10 ნოემბრის მოვლენები გააპროტესტეს, როცა სუს-ის შენობასთან მშვიდობიან აქციაზე ერთ საათში 44 ადამიანი დააკავეს, თან ისე, რომ მათთვის მიზეზი არ აუხსნიათ. ადამიანებს პოლიციის მანქანაში ჟურნალისტებთან საუბრის დროსაც სვამდნენ.
პოლიციის მტკიცებით, აქციაზე შეკრებილები სუს-ის შენობის ბლოკირებას ახდენდნენ, რაც კანონით აკრძალულია.