logo
ENG



ჯაფარიძის ქონება და მოგებული ტენდერები - შაბათის ფორმულამ დეპუტატის დეკლარაცია შეისწავლა

01 აპრ 202321:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/01/f8kr5bu0410jnuk.png

შაბათის ფორმულამ POSTV-ის მფლობელის და ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის ქონების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა, ასევე დაადგინა, რომ ჯაფარიძესთან დაახლოებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებენ.

შაბათის ფორმულას ცნობით, ჯაფარიძის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს, დაშბაშის კანიონში არსებული ჰესი წარმოადგენს, რომელიც მისი ცოლის სახელზეა.

ჯაფარიძის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დაშაბაში ჰესმა გასული წლის განმავლობაში 400 000 ლარზე მეტი მოუტანა. მისგან მიღებული შემოსავალი კი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჰესზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. თუმცა, მწვანე ალტერნატივას მტკიცებით, ამ სამუშოების ჩატარების ნებართვა კანონდარღვევით იყო გაცემული. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული იყო ამგვარი ნებართვების გაცემის ახალი წესი, მაგრამ ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიისთვის გამონაკლისი დაუშვეს. გაცემული ნებართვა ითვალისწინებდა ჰესის ძველ შენობაში არსებული სამიდან ერთი აგრეგატის თანამედროვე მოწყობილობით შეცვლას. არ იგეგმებოდა არანაირი სამშენებლო სამუშაოები - თუმცა, ამ აუზის გვერდზე მდებარე ჰესის ძველი შენობიდან მოშორებით, დღეს კიდევ ერთი მდებარეობს - ის ახალია.

ასევე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დაადგინა, რომ ჯაფარიძის ცოლის ძმასთან, ალეკო ხვისტანთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს ელექტრო მონტაჟ სერვისმა ტენდერებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო საიდუმლო შესყიდვებიდან 13 მილიონზე მეტი მიიღო.

თუ როგორ იმარჯვებენ სახელმწიფო შესყიდვებში ვიქტორ ჯაფარიძესთან და მის გარემოცვასთან დაკავშირებული კომპანიები, ამის ერთ-ერთი მაგალითი ასეთია: "ერთ-ერთ შესყიდვაში, როდესაც გზას აგებდნენ, პირდაპირ იყო ჩადებული - რომ სოფელ იფარიდან 30 კილომეტრში უნდა ყოფილიყო ბეტონის ქარხანა. მაშინ ოთარ ჯაფარიძე იყო, ვიქტორ ჯაფარიძის შვილი... ასეთი მორგებული ტენდერები აჩენს კორუფციის რისკს".

ტენდერებში გამარჯვების პარალელურად - ქცია 94-ის, დაშბაში ჰესის მმართველი კომპანიის დირექტორმა, ქართულ ოცნებას 68 ათასი ლარი შესწირა, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმამ ალეკო ხვისტანმა კი 110 ათასი ლარი. 120 ათასი ლარით გაამდიდრა მმართველი პარტია ბონდო ომიაძემ, მათმა ბიზნესპარტნიორმა. ამდენივე, თავად ვიქტორ ჯაფარიძეს აქვს გადარიცხული.

საჯარო სამსახურის ბიურომ ის 4-ჯერ შეამოწმა და ამდენჯერვე დააჯარიმა - ჯამში 4 000 ათასი ლარით. დეპუტატის დაჯარიმების კონკრეტულ მიზეზებს საჯარო სამსახურის ბიურო არ ამხელს.

დეკლარაციიდან და მის გარეშეც ჩანს, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ წლების განმავლობაში დიდძალი ქონება დააგროვა. მის ოჯახს აქვს ჰესი, სასტუმროები, მიწები და ბეტონის გალავნებით დაცული სახლი თბილისში.


close დახურვა