საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ გელათის რეაბილიტაციის საკითხზე "პოლიტიკური დივიდენდების" მოპოვება უნდა დასრულდეს.
დღეს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გელათის საკითხზე გაფართოებული შეხვედრა იმართება, სადაც გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენის მართვის კონცეფციისა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.
"დღეს ამ შეხვედრაზე ველოდებით, რომ ჩართულობა იქნება ყველა იმ მხარისა, რომელიც მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია კულტურულ ძეგლთან და რაღაც წინასწარი განწყობა ისეთია, რომ მივაღწევთ შეთანხმება, რომ საუკეთესო გზა მოვნახოთ შემდგომი სამუშაოებისა და საუკეთესო მეთოდი იქნას შერჩეული და დაიგეგმოს, რომ საუკეთესო სპეციალისტები იქნებიან ჩართულნი", - განაცხადა ჯაღმაიძემ ფორმულასთან შეხვედრის დაწყების წინ.
როგორც მან აღნიშნა, საპატრიარქო მხარს უჭერს, რომ პროცესში საუკეთესო სპეციალისტები იყვნენ ჩართულნი:
"რაც აქამდე დასკვნები ვნახეთ, ეს დასკვნები არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას და საფუძველს და მოსაძებნია საუკეთესო გზები".
შეხვედრას ესწრება ICOMOS საქართველოს წარმომადგენელი, ნატო ცინცაბაძეც. ექსპერტი აღნიშნავს, რომ მათთვის მთავარია გაერთიანებული მისიის რეკომენდაციის შესრულება როგორ განხორციელდება და თანამშრომლობა, რომელსაც შეჰპირდნენ, როგორ განხორციელდება. რაც შეეხება ქართულ-იტალიურ ჯგუფს, რომელსაც მერაბ ბუჩუკური ხელმძღვანელობს ნატო ცინცაბაძე ამბობს:
"ჩვენი ხედვა ამ საკითხის ისაა, რომ ეს არ იყო ერთი მთლიანი ჯგუფი და ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, სკეპტიკური ხედვა კედლის ფერწერის ჯგუფთან. ჩვენ არ ვუყურებთ როგორც ერთ მთლიანს და ვფიქრობთ, რომ ამ დასკვნიდანაც ჩანს, რომ არქიტექტურის ნაწილზე მეტ-ნაკლებად ნორმალურად მიდის პროცესი. ფერწერასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული ვართ და ვფიქრობთ, რომ ისინი უბრალოდ ვერ გააკეთებენ".
***
2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავდა. ამასთან, იტალიელმა რესტავრატორმა შეიმუშავა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს".
იუნესკოს შეფასებით, ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც შაბათის ფორმულაში ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს.
გელათის შესახებ 30 იანვარს ანგარიში ჩუბინიშვილის ცენტრმაც გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო.
დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჩუბინაშვილის ცენტრში 31 იანვარს კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა.
ამავე დროს, საპატრიარქო აცხადებს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული "მდგომარეობა არათუ მძიმე, არამედ კრიტიკულია!".