დღეიდან დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსები აღარ დადიან და მოსახლეობა მხოლოდ მეტროთი ან ავტობუსებით გადაადგილდება. მძღოლების თქმით, პიკის საათში მგზავრთა ნაკადმა მოიმატა, თუმცა ზოგადად ხალხის ოდენობა მაინც შემცირებულია.
„ვცდილობთ, ახლოს არ ვიყოთ მგზავრთან და დაცულები ვართ. ლენტის საშუალებით ვართ დისტანცირებულები მგზავრებისგან, რომ ახლოს არ მოვიდნენ. წინა კარები არ იღება და უკანა კარებით სარგებლობენ მგზავრები", - ამბობენ მძღოლები.
თბილისის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ავტობუსები დღეს შედარებით ცარიელი იყო, თუმცა პიკის საათებში ნაკადები მაინც გაიზრდება, რადგან მიკროავტობუსები გაჩერებულია.
„როგოც წესი, სავსეა ხოლმე ავტობუსი, მაგრამ დღეს გაკვირვებული ვარ, რომ ცარიელი იყო. გაზრდის ნაკადებს მაინც, ხალხმა ხომ უნდა იმგზავროს. მაინც ვცდილობთ, რომ დისტანცია დავიჭიროთ. მიკროავტობუსიც რომ არ იყოს, ვერ გადავადგილდებოდით", - ამბობენ მგზავრები.
შეზღუდვები ამოქმედდა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებზეც. მძღოლები ამბობენ, რომ შემცირებულია ნაკადების რაოდენობა.
„დაგვირეკეს, გამოდი და იმუშავეთო - მეტყვიან, იმუშავეო და ვიმუშავებ. შემცირიებულია რაოდენობა, მუშაობდა 20, ახლა არის 12", - ამბობენ თბილისი-რუსთავის მძღოლები.
მგზავრებს კი აღნიშნული შეზღუდვა არ მოსწონთ - მათი თქმით, არალოგიკურია ჯერ გადაადგილების საშუალების შეზღუდვა იმის ფონზე, რომ სამსახურებში სიარული მაინც უწევთ.
„ჩვენთვის არაფერი უთქვამთ აკრძალვაზე - ეს არაა სწორი, ჯერ უნდა გააჩერონ სამსახურები და შემდეგ მარშუტკები. უფროსები გვეუბნებიან მოდითო, მაგრამ ტრანსპორტი არ დადის", - ამბობენ მგზავრები.
შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსებზე შეზღუდვები საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო.