უმრავლესობა უგულავას საქმის შესწავლისთვის ევროპარლამენტის კომისიას საქართველოში ეპატიჟება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ როდის და რა ფორმით იმუშავებს ის. გარდა ამისა, მარტში საქართველოში ერთ-ერთი ევროპარლამენტარის სვენ მიქსერის ვიზიტია დაგეგმილი, რომელიც მოგვიანებით ევროპარლამენტში მოხსენებით წარდგება. ევროპარლამენტის წევრის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, მისიის ფუნქციები ჯერ არ განხილულა.
"ჯერ არ არის გარკვეული როგორ იმუშავებს ფაქტების შემსწავლელი კომისია. ამის შესახებ მეც არ ვიცი. თუმცა რა თქმა უნდა უმოქმედობას სჯობს რამე გაკეთდეს. მისიის ფუნქციები ჯერ არ განგვიხილავს. არ ვიცით ის მხოლოდ გიგი უგულავას საქმეს განიხილავს თუ არა“, - აღნიშნა იუკნევიჩიენმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი "ფორმულასთან" საუბარში აღნიშნავს, მათ ამ დრომდე ვერ მოისმინეს ევროპარლამენტარებისგან არგუმენტი, თუ რის საფუძველზე შეიძლება შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც უგულავას საქმეს შეისწავლის.
„მარტში ჩამოდის ისედაც შემსწავლელი მისია. ეს არის სადამკვირვებლო მისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს ფაქტები და ჩვენ უკვე მივმართეთ თხოვნით, რომ პატიმრები მოინახულონ ციხეში და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ პოლიტიკური ნიშნით დევნის საქმეებს. ჩვენ ჯერჯერობით განმარტება ვერ მივიღეთ რა ინსტიტუციური მექანიზმი არსებობს ამისთვის. ვერ მოვისმინეთ ჯერჯერობით ევროპარლამენტის პოზიცია, როგორ შეიძლება ეს კომისია შეიქმნას“, - აცხადებს სამადაშვილი.
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე კი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ კომისია საქართველოში ჩამოვა, ის ყველა საქმით უნდა დაინტერესდეს.
„თუ რაიმე ტიპის კომისია ჩამოვა საქართველოში, ამ კომისიამ მარტო უგულავას საქმე კი არ უნდა შეისწავლოს, არამედ სხვა საქმეებითაც უნდა დაინტერესდეს. საუბარი მაქვს მელიას საქმეზე, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეზე. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით იმას, რომ დაინტერესდნენ", - განაცხადა კახიძემ.