logo
ENG



ჯო ბაიდენის შვილის საქმეს სპეცპროკურორი გამოიძიებს

11 აგვ 202323:14
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმეს სპეციალური პროკურორი გამოიძიებს.

მერიკ გარლანდამ დამატებითი უფლებამოსილება მიანიჭა დეივიდ ვაისს, რომელიც მანამდე ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს უკვე იძიებდა. თვის დასაწყისში ბაიდენის საპროცესო შეთანხმება ჩაიშალა, რომელიც საგადასახადო თაღლითობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებების აღიარებას მოიცავდა.

100 ათასი დოლარის ოდენობის გადასახადების დამალვასთან დაკავშირებული ორი ეპიზოდი 2017 და 2018 წლებს ეხება. მეორე ბრალდება ეხება პერიოდს, როდესაც ჰანტერ ბაიდენი ნარკოტიკებს მოიხმარდა და რევოლვერის ყიდვისას აღნიშნულის შესახებ მოიტყუა.

"ბატონი ვაისის დანიშვნა კიდევ ერთხელ უდასტურებს ამერიკელ ხალხს დეპარტამენტის ერთგულებას დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების მიმართ", - თქვა გარლანდმა პრესკონფერენციაზე.

გამოძიების დასრულების შემდეგ, სპეციალური პროკურორი დაწერს დასკვნას, რომელსაც იუსტიციის დეპარტამენტი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოაქვეყნებს, რამდენადაც კანონი ამის საშუალებას მისცემს. 

ბოლო წლებში აშშ-ში არაერთხელ დანიშნულა სპეციალური პროკურორი ძირითადად იმ საქმეებში, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხებოდა პრეზიდენტებს.

მსგავსი სტატუსი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს ჰქონდა რობერტ მიულერს, რომელიც არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებდა, ასევე ჯონ დარემს.

ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ვაისი უკვე მესამე სპეცპროკურორია: ჯეკ სმიტი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ რამდენიმე საქმეს იძიებს, ხოლო რობეტ ჰური - საიდუმლო დოკუმენტებს, რომლებიც ჯო ბაიდენის სახლებში იპოვეს.


close დახურვა