ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ტედ ჯონასი აცხადებს, რომ პორტის მშენებლობა მთავრობის მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობამ "მოკლა".
სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ის გამოეხმაურა პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილმა "ბევრი ტყუილი" თქვა.
"იმ დღემდე, სანამ ხელშეკრულება შეწყდებოდა, ჩვენ მყარად მივყვებოდით ძალისხმევას ანაკლიის პორტის აშენებისა. მათი მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობა იყო ის, რამაც მოკლა პროექტი და ჩვენ არ დაგვიტოვა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ შეგვეტანა საერთაშორისო არბიტრაჟში [სარჩელი]. საერთაშორისო არბიტრაჟში როდესაც შეგაქვს სარჩელი, უნდა მოითხოვოთ ის თანხა, რომელიც იურიდიულად გეკუთვნის. ჩვენი ამოცანაა, რომ მივიღოთ ეს თანხა ადამიანების ჯიბეებიდან? მაგალითად მასწავლებლებს ან პოლიციელების? - არა. ჩვენ ვცდილობდით მოლაპარაკებას მათთან, სანამ შეწყვეტდნენ კონტრაქტს, მაგრამ მათ არ აინტერესებდათ. ვცდილობდით გველაპარაკა მათთან, სანამ შევიტანდით სარჩელს არბიტრაჟში, მაგრამ მათ არ აინტერესებდათ. ვცდილობდით მათთან მოლაპარაკებას მას შემდეგაც, რაც შევიტანეთ სარჩელი. ვთქვით, რომ ამას არ გავაგრძელებდით, გვინდოდა მოლაპარაკება და ეს იყო შესაძლებელი იურიდიულადაც, მაგრამ მათ შეწყვიტეს მოლაპარაკებები. მე როგორც წესი არ ვლაპარაკობ კერძო მოლაპარაკებებზე ინტერვიუებში, მაგრამ როდესაც ვიღაც გამოდის საჯაროდ და იტყუება, ეს მაძლევს საშუალებას, რომ მე სინათლე მოვფინო ყველაფერს"- ამბობს ჯონასი. [სინქრონული თარგმანი]
ირაკლი ღარიბაშვიმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება და პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.
ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას ხაზარაძე-ჯაფარიძე ქვეყნის ძარცვაში დაადანაშაულა და თქვა, რომ პორტის აშენების მიღმა, მათი ზრახვა "გამდიდრებისა და ძარცვის იდეა იყო".
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში გაწყვიტა. ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.
TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.
3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებდა და ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის მიზანმიმართულ ჩაგდებაზე საუბრობდა.