logo
ENG



ჯონსონი: ბრიტანეთი გააგრძელებს პუტინის რეჟიმისთვის მარყუჟის მოჭერას

02 მარ 202219:55
3 წუთის საკითხავი
 
ჯონსონი: ბრიტანეთი გააგრძელებს პუტინის რეჟიმისთვის მარყუჟის მოჭერას

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს საომარ მოქმედებებს უკრაინაში, დასავლეთის საპასუხო ძალისხმევაც სათანადო იქნება.

ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს წნეხს რუსეთზე და ეჭვიც არ ეპარება, რომ პუტინი თავისსავე ავანტიურაში დამარცხდება.

„პუტინი უნდა დამარცხდეს თავის ავანტიურაში და მე ეჭვიც არ მეპარება რომ დამარცხდება და ჩვენ წარმატებით დავიცავთ უკრაინას.

ბრიტანეთი გააგრძელებს მარყუჟის მოჭერას პუტინის რეჟიმისთვის", - განაცხადა ბორის ჯონსონმა. 

ბრიტანეთის პრემიერის აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა ომის დაწყებისას სერიოზული შეცდომები დაუშვა და არასათანადოდ შეაფასა უკრაინის პასუხი. 

ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქმედებები უკრაინაში ომის დანაშაულია და რუსული ჯარები უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს ესხმიან თავს. 

„სუვერენულ ქვეყანაზე ამ საზარელ თავდასხმაში პუტინმა არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხის გამძლეობა, ერთიანობა და მეორე მხრივ თავისუფალი სამყაროს სიმტკიცე ამ ბარბაროსობასთან დაპირისპირებაში.

თუ პუტინი გააორმაგებს ქმედებებს, ჩვენც გავაორმაგებთ ეკონომიკურ წნეხსა და უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას იარაღითა და ჰუმანიტარული დახმარებით", - აღნიშნა ჯონსონმა.

 

 

close დახურვა