დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის უმაღლეს რადას სიტყვით მიმართა და ქვეყანას ახალი, 300 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარება წარუდგინა.
ჯონსონის თქმით, სამხედრო დახმარება მოიცავს რადარებს, მძიმე ამწე დრონებსა და ათასობით ღამის ხედვის მოწყობილობას.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ [რუსეთმა] პასუხი აგოს ამ ომის დანაშაულებზე. შიშის ამჟამინდელ მომენტში მე მაქვს ერთი გზავნილი თქვენთვის: უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინა იქნება თავისუფალი!",- განაცხადა ჯონსონმა.
ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იარაღით, დაფინანსებითა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით.
"ჩვენ და ჩვენი მეგობრები გავაგრძელებთ უკრაინისთვის იარაღის, დაფინანსებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მანამ, სანამ არ მივაღწევთ გრძელვადიან მიზანს, რომელიც უკრაინის გაძლიერებას მოიცავს, რათა ვერავინ გაბედოს მათზე თავდასხმა", - განაცხადა ჯონსონმა.