ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ბოლო დღეებში, ლუჰანსკის ოლქში მტრის თავდასხმები გაძლიერდა.
"ბოლო დროს გახშირდა როგორც ჩვენი პოზიციების, ისე დეოკუპირებული დასახლებების დაბომბვა, ასევე თავდაცვის ძალებზე შტურმის მცდელობები. შეიძლება ითქვას, რომ "ღირსეული" ესკალაცია დაიწყო", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ჰაიდაის თქმით, ახლა აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება სვატოვოსა და კრემენაიას მიმართულებით, ასევე ბელოგოროვკაში. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები მცირე ჯგუფებად ცდილობენ უკრაინის პოზიციებზე შეჭრას.
"ამ შეტევის ნაწილობრივი განხორციელება უკვე მიმდინარეობს. ლუჰანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა შემოიტანეს. მეორეც, რუსეთიდან ბევრი ახალი მობილიზებული ჯარისკაცი ჩამოიყვანეს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ აიყვანეს... ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი [რუსები] სხადასხვა მიმართულებით მიდიან შეტევაზე. ეს არის ახლა სისუსტის გამოვლინება", - განაცხადა ჰაიდაიმ.