ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიან მოსახლეობას მედიკამენტებზე წვდომა არ აქვს.
"ყველა საავადმყოფო სამხედრო ჰოსპიტლად იქცა, მკურნალობის გარდა, ოკუპანტებმა იქ ყაზარმები გააკეთეს. იმისთვის, რომ ადამიანებს "გარეთ" არ მიაწოდონ ინფორმაცია, რუსები ქალაქების დაკეტვას აგრძელებენ, ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებებს ინტერნეტი არ აქვთ", - თქვა ჰაიდაიმ.
უკრაინის ცნობით, 27 თებერვლიდან ლუჰანსკის რეგიონში მტრის თავდასხმები გაძლიერდა. აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება სვატოვოსა და კრემენაიას მიმართულებით, ასევე ბელოგოროვკაში. რუსი სამხედროები უკრაინის პოზიციებზე მცირე ჯგუფებად შეჭრას ცდილობენ.
ამავე დღეს, ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსები კუპიანსკს თითქმის ყოველდღე ურტყამენ.