ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ჰაიდაი აცხადებს, რომ მომდევნო დღეებში რუსეთის საოკუპაციო არმია ლუჰანსკის რეგიონის მიწასთან გასწორებას ეცდება.
ჰაიდაის თქმით, ლუჰანსკის ქალაქ სევეროდონეცკს, რომელიც 100 დღეა არ ნებდება, რუსების საბრძოლო სულისკვეთებაზე უარყოფითი გავლენა აქვს.
ის ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ჯარის მეთაურებმა 10 ივნისისთვის სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკი-ბახმუტის მაგისტრალის დაკავების ბრძანება მიიღეს და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ამ მიზნის მისაღწევად იარაღისა და პერსონალის სრული მობილიზება მოხდება.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნახევარი რუსებისგან გაწმინდეს. კადიროველებიც კი უკვე იღებენ მიმართვებს რომ ეს არის დროებითი და ახლო მომავალში დაიბრუნებენ კონტროლს. მიყურადებებიდან ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთის არმიის მეთაურმა 2 დავალება მიიღო - რომ 10 ივნისისთვის დაიკავოს სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი-ბახმუტის მაგისტრალი.
ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში ყველა იმ რეზერვს, რაზეც ხელი მიუწვდებათ, მთელ შეიარაღებას, მთელ პერსონალს გადმოისვრიან, რათა ეს ორი დავალება შეასრულონ“ - განაცხადა ჰაიდაიმ.
ჰაიდაი აცხადებს, რომ მომდევნო 5 დღის განმავლობაში რუსეთის მხრიდან გახშირდება მძიმე არტილერიის დაბომბვები და საჰაერო თავდასხმები, რაც ლუჰანსკის რეგიონის მიწასთან გასწორებას ისახავს მიზნად.
ადმინისტრაციული ხელმძღვანელის თქმით, სევეროდონეცკიდან ევაკუაცია ამ დროისთვის შეუძლებელია. ჰაიდაი აცხადებს, რომ 15 000-მდე ადამიანი ქალაქში რჩება. ლისიჩანსკიდან კი, მისი თქმით, დღეს 5 ივნისს 98 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.