ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, სამხედრო ტექნიკის დანაკარგების გამო, რუსები კრემენაიას მიმართულებით ძველ ტანკებს იყენებენ.
"სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რუსი ოკუპანტები იძულებული არიან გადაინაცვლონ ძველ ტანკებზე კრემენაიას მიმართულებით. რუსებს ლუჰანსკის რეგიონში რეზერვები, ტექნიკა, საბრძოლო მასალა დაუგროვდათ. ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები მათ თანდათან ანადგურებენ", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ჰაიდაის თქმით, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს სვატოვო-კრემენაიას, ლიმანისა და ბელოგოროვკას მიმართულებით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ოკუპანტები მუდმივად ცდილობენ უკრაინის თავდაცვის გარღვევას, მაგრამ სიტუაცია სტაბილური რჩება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 159 090 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენშტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.