ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, სევეროდონეცკიდან უკრაინული ძალების გაყვანა მოუწევთ.
"სამწუხაროდ, ჩვენ სევეროდონეცკიდან სამხედროების გაყვანა მოგვიწევს. აზრი არ აქვს მრავალი თვის საომარი მოქმედებების შემდეგ იმავე პოზიციებზე დარჩენას, რადგან გამაგრებულ ტერიტორიებზე დაღუპულთა რიცხვი შეიძლება ყოველდღე გაიზარდოს.
ჩვენმა დამცველებმა, რომლებიც იქ არიან, ახალ პოზიციებზე გაყვანისა და იქიდან საომარი მოქმედებების სრულად განხორციელების შესახებ ბრძანება უკვე მიიღეს," - განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ჰაიდაის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სევეროდონეცკში სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება.