ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი ამბობს, რომ რუსეთს და მის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ნდობას უცხადებს. შესაბამისი განცხადება დაჯგუფების უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა, ალი ბარაკმა რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
ბარაკის თქმით, რუსეთს შეუძლია საკვანძო როლი შეასრულოს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის შეწყვეტის კუთხით. ის ამბობს, რომ ჰამასი რუსულ მხარესთან მუდმივ კონტაქტზეა და მზად არის დიპლომატებს, ერთ-ერთ არაბულ ქვეყანაში შეხვდეს.
"მოძრაობა ჰამასს რუსეთის და მისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ დიდი ნდობა აქვს. ამიტომ ჩვენ დადებითად შევხვდებით რუსეთის შუამავლობას კონფლიქტის დარეგულირებაში. ჩვენ დაინტერესებულები ვართ მოქალაქეების ტანჯვის შეწყვეტაში, რომელიც ისრაელის შეტევის და ღაზის სექტორის სასტიკი ბლოკადით არის გამოწვეული. რუსულ მხარესთან აქტიური კონტაქტი გვაქვს.
მზად ვართ რუს დიპლომატებთან შესაძლო შეხვედრისთვის - ერთ-ერთ არაბულ ქვეყანაში. პალესტინელები დიდად აფასებენ პუტინის პოზიციას. თვალყურს ვადევნებთ რუსი ლიდერის გამოსვლებს, რომლებშიც ის რეგიონში მიმდინარე პროცესებს აფასებს. რუსეთში ვხედავთ სახელმწიფოს, რომელიც იცავს საერთაშორისო კანონმდებლობას და ჩაგრულების მიმართ სამართლიანობის აღდგენას აღწევს", - თქვა ჰამასის წარმომადგენელმა.