logo
ENG



ჰარცელი: ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

05 თებ 202122:56
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს მოქალაქისთვის, ზაზა გახელაძისთვის 12-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი გახელაძის დაუყოვნებლი გათავუსუფლებას ითხოვს.

ჰარცელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა 12 წლით და ექვსი თვით გააგრძელა".

"ევროკავშირი მოითხოვს ბ-ნ გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მისი უკანონო დაკავების შემდეგ, რომელიც გასული წლის 11 ივლისს მოხდა, ევროკავშირი გახელაძის მყისიერ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. ამ კონტექსტში, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ასევე ახსენებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გააგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების მოგვარებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში", - აღნიშნულია კარლ ჰარცელის განცხადებაში. 

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. 

 


close დახურვა