ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოს კანონის უზენაესობის მიმართ მეტი ნდობის განმტკიცება და მეტი გამჭვირვალობა სჭირდება, რისთვისაც 19 აპრილის შეთანხმება ერთგვარი "საგზაო რუკაა". ელჩის თქმით, რეფორმებზე მუშაობის ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს.
ამაზე, მან დღეს, 9 ივნისს ჟურნალისტებთან ისაუბრა. მანამდე, იგი ევროკავშირის "სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის" დასკვნით ღონისძიებას დაესწრო.
"მართლმსაჯულების სექტორში ეს კონკრეტული პროექტი ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რაც ათწლეულებია მიმდინარეობს.
ბევრი შედეგია ისეთი, რაც კმაყოფილების საფუძველს გვაძლევს. უდავოდ, ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მეტი გამჭვირვალობა და ნდობა იქნება, როგორც სასამართლოს სისტემის, ისე უფრო ფართოდ, კანონის უზენაესობის მიმართულებით.
სწორედ ამიტომ, 19 აპრილის შეთანხმებაში ასახულია ის ძირითადი საკითხები, რომელზე მუშაობაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რამდენადაც 19 აპრილის დოკუმენტი არის ის საგზაო რუკა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ მომავალი რეფორმების დასრულებაში. კანონის უზენაესობის მიმართ მეტი ნდობის განმტკიცება, მეტი გამჭვირვალობა და მეტი ანგარიშვალდებულება არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება და რასაც ამ ქვეყნნის მოქალაქეები იმსახურებენ", - თქვა ჰარცელმა.