ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის მიერ ოპოზიციური პარტიების 51 დეპუტატისთვის მანდატების არგაუქმებას ეხმაურება და მას სწორ ნაბიჯად აფასებს. თუმცა, ჰარცელი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებისთვის მანდატის შენარჩუნება შეთანხმების საბოლოო მიღწევას არ უზრუნველყოფს.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ფასილიტატორების შუამავლობის მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები რთულია.
"პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება, არ გაეუქმებინა მანდატები იყო სწორი ნაბიჯი. ძირითადად, ეს არის დინამიკა, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დინამიკა შეინარჩუნონ. ამავდროულად, გუშინდელი გადაწყვეტილება შეთანხმების საბოლოოდ მიღწევას არ უზრუნველყოფს. ჩვენ ჯერ კიდევ ველით იმ საოცარი სივრცის პოვნას, სადაც ორივე მხარე შეძლებს შეთანხმებას. გადაწყვეტილების მიმღებთა ნაწილი გუშინდელი გადაწყვეტილების მერე კვლავ ბოიკოტის მდგომარეობაშია. გულახდილად გეტყვით, მოლაპარაკებები, რომელსაც ვაწარმოებთ რთულია", - აცხადებს ჰარცელი.
თუმცა ჰარცელს მიაჩნია, რომ პარტიებს შორის პარლამენტში ფართო წარმომადგენლობის არსებობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არსებობს.
"ეს იქნება ერთადერთი კარგი შედეგი. სხვა ყველაფერი ორივე მხარისთვის წამგებიანი იქნება. რაც ყველაზე მთავარია, ეს იქნება წამგებიანი საქართველოს მოსახლეობისთვის", - აცხადებს ჰარცელი.
პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების 51 წევრისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა. პარლამენტმა ყველა ოპოზიციური დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხს სათითაოდ უყარა კენჭი.
კენჭისყრამდე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან.
იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა - 51-მა დეპუტატმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, მანდატებზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. მათ მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით.
მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებს, ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ელისაშვილი და იოსელანი 2 თებერვალს პარლამენტში შევიდნენ, მანამდე კი მმართველ გუნდთან ერთად მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ამასთან, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა.
ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.