logo
ENG



ჰარცელი და დეგნანი 20 ივნისს დაზარალებულებს პასუხობენ

22 მაი 202116:03
3 წუთის საკითხავი
clock 953
ჰარცელი და დეგნანი 20 ივნისს დაზარალებულებს პასუხობენ

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი 20 ივნისს დაზარალებულებს პასუხობენ. 

დიპლომატები მიუთითებენ, რომ აუცილებელია 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება. 

"მადლობას გიხდით წერილისთვის, რომელიც 14 მაისს გამოგვიგზავნეთ. როგორც საქართველოს პარტნიორებმა, ჩვენ ვიმუშავეთ გახანგრძლივებული კრიზისის აღმოსაფხვრელად, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა.

19 აპრილის შეთანხმება მიჩნეულ იქნა რთული მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს რთული ბრძოლის შედეგად მიღწეულ კონსენსუსს პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენ ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ამ შეთანხმებით, საქართველოს შეუძლია გადადგას ნაბიჯი პარლამენტის ფუნქციონირების აღდგენისკენ რეფორმების შემდგომი გატარებით, რომლებიც გააღრმავებს საქართველოს დემოკრატიას. 

19 აპრილის შეთანხმება იყო კომპრომისი, რომელიც შედგა რთული მედიაციის პროცესით და მის შინაარსს სრულად ფლობენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები. შეთანხმების პირველი მუხლის მიხედვით, შეთანხმება ასახავს ვალდებულებას, განხილულ იქნას პოლიტიზებული სამართლის შემთხვევები.

შეთანხმების მიხედვით, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული ვალდებულებების. მათ შორის, ამნისტიის კანონის ზუსტი შესრულება, რომელიც შეესატყვისება შეთანხმების წინასწარ განზრახულ მიზნებს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ისევე როგორც სხვა კონვენციებს, რომელთა წევრიც არის საქართველო. 

ამნისტიის კანონი ეხება მტკივნეულ მომენტს საქართველოს ისტორიაში, არა მხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლებს, არამედ გამოწვევებსაც, რომელიც მიმართული იყო საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისკენ.

ასეთ პოლარიზებულ გარემოში, საჭიროა პარლამენტში ინკლუზიური პროცესი იმ რეფორმების ხელშესაწყობად, რაც ხელს შეუშლის ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორებას და უფრო მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას მოუტანს. შეთანხმების დასკვნის მიხედვით, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ უზრუნველყოს მისი წარმატებული იმპლემენტაცია საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის.

ეს საშუალებას მისცემს ყველა მხარეს, იმუშაოს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და იმოქმედოს სამართლიანად და პასუხისმგებლიანად დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზით". - ნათქვამია ჰარცელის და დეგნანის წერილში. 

2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულმა 17-მა ადამიანმა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს წერილით 14 მაისს მიმართა. 

წერილში ისინი დიპლომატებს მადლობას უხდიდნენ კრიზისის აღმოფხვრისთვის გაწეული მუშაობისთვის, თუმცა, აღნიშნავდნენ, რომ მათთვის მიუღებელია ამნისტიის შესახებ ჩანაწერი, რომელიც 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ყველა ადამიანს უნდა შეეხოს. 

"ამნისტიაზე დარეგისტრირებული კანონპროექტები, რომლებიც ფაქტობრივად აქციის დამრბევ ყველა ხელმძღვანელ და ამსრულებელ პირზე ავრცელებენ ამნისტიას მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია.

მიგვაჩნია, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველის, ასევე წაახალისებს დაუსჯელობის სინდრომს და მწვანე შუქს მისცემს მორიგ მძიმე დარღვევებს". - წერდნენ 20 ივნისს დაზარალებულები. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი , რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ერთ-ერთი კი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის

ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს. 

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.


close დახურვა