ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება და ამბობს, რომ მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ქართული ოცნების კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ, 7 ივნისს მიიღო.
"მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება ლეგიტიმური იყოს, შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარისი გარანტიების გარეშე", - თქვა ჰარცელმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა აღნიშნული ცვლილებების მიღებამდე ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება საქართველოს პარლამენტს გაუზიარა და შესთავაზა, რომ ახალი კანონმდებლობა საბოლოო შემუშავებამდე ვენეციის კომისიასთან ყოფილიყო გაგზავნილი, რათა ევროპულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალთან მისი შესაბამისობის შეფასება მომხდარიყო.
"ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღება მსგავსი კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა. ვხედავთ, რომ საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით, აუცილებელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე", - განაცხადა ჰარცელმა.
ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ. ასევე, მოუწოდებს პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
გარდა ამისა, მოუწოდებს მთავრობას, დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები აცნობოს.
ქართული ოცნების დეპუტატებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს. ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას, საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნასა და ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას მოიცავს. მიღებული ცვლილებების შედეგად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები 9 თვემდე გახანგრძლივდება.