logo
ENG



ჰარცელი სააკაშვილზე: კადრები ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს სვამს და არის სამწუხარო

12 ნოე 202110:58
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ გავრცელებული კადრები, რომელშიც ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ასახავს, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

"შემიძლია ნათლად განვაცხადო, რომ ეს ვიდეოები ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს სვამს და არის სამწუხარო. იქიდან გამომდინარე, რომ ხელს არ უწყობს სიტუაციის განმუხტვას. მათი გაშვების მიზანი არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო ყურადღების ცენტრში, ანუ ეს არის ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე, როგორც საბაზისო ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რომელიც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და ღირსების დაცვას", - ამბობს ჰარცელი.

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

ვიდეომასალის მიხედვით, რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მიათრევს. 8 ნოემბერს, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო საავადმყოფოში მიჰყავდათ. როცა ტყუილის შესახებ შეიტყო, ექსპრეზიდენტმა რუსთავის ციხეში დაბრუნება მოითხოვა და კლინიკაში შესვლაზე უარი განაცხადა. 

ადვოკატების განცხადებით, კადრებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. 

მიხეილ სააკაშვილი უკვე 43-ე დღეა, დაპატიმრებულია და შიმშილობს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექს-პრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დაემორჩილება ECHR-ის გადაწყვეტილებას და შეწყვეტს შიმშილობას, თუ ასევე მოიქცევა ხელისუფლებაც და მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსოლიუმი იზრუნებს. 


close დახურვა